კოლუმბიის სანაპიროსთან განძით დატვირთული ესპანური ხომალდი აღმოაჩინეს
კოლუმბიის ნაპირებთან, ქალაქ კარტახენის სიახლოვეს, დაახლოებით 300 წლის წინ ჩაძირული, განძით დატვირთული ესპანური ხომალდი „სან-ხოსე“ აღმოაჩინეს. ამის შესახებ კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი ტვიტერზე წერს.
ჩაძირული ხომალდი ზურმუხტებითა და ოქროსა და ვერცხლის მონეტებითაა დატვირთული. განძის სავარაუდო ღირებულება 1 მილიარდი აშშ დოლარია.
როგორც კოლუმბიის პრეზიდენტი ტვიტერზე იუწყება, უფრო მეტ დეტალს საზოგადოება 5 დეკემბერს, პრესკონფერენციაზე შეიტყობს.
„სან-ხოსე“ 1708 წელს, კარიბის ზღვაში, ქალაქ კარტახენის ნავსადგურის სიახლოვეს ჩაიძირა. გემი ესპანეთის მეფე ფილიპე V-ის ფლოტში შედიოდა მას შემდეგ, რაც მან ინგლისელები დაამარცხა ესპანური მემკვიდრეობისთვის ომში.
„დიდებული ამბავი! ხომალდი „სან-ხოსე“ ვიპოვეთ“. უფრო მეტ დეტალს მის შესახებ ხვალ, პრესკონფერენციაზე შეიტყობთ“, – დაწერა გუშინ სანტოსმა ტვიტერზე.
ჩაძირულ ხომალდზე პრეტენზიას აცხადებს ამერიკული სამძებრო კომპანია Sea Search Armada, რომელსაც ოფიციალურ ბოგოტასთან ამ საკითხზე ხანგრძლივი სამართლებრივი დავა ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ამ ადგილას ჩაძირული ხომალდის არსებობის შესახებ Sea Search Armada ჯერ კიდევ 1981 წელს იტყობინებოდა.
საწის ეტაპზე, კოლუმბიის ხელისუფლებამ და Sea Search Armada-მ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმადაც, ამოღებულ განძს გაიყოფდნენ. თუმცა შემდეგ, ხელისუფლებამ აზრი შეიცვალა და დაჟინებით მოითხოვა, რომ მთლიანი განძი კოლუმბიას ეკუთვნოდა.
2011 წელს, აშშ-ის სასამართლომ ჩაძირული ხომალდი კოლუმბიის სახელმწიფოს კუთვნილებად გამოაცხადა.
გამოყენებული რესურსები: reuters.com; theguardian.com.