კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ორგანიზაციას შეუძლია, დონბასში „სამშვიდობოები ძალები“ გაგზავნოს
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივანი სტანისლავ ზასი აცხადებს, რომ ორგანიზაციას შეუძლია, დონბასში „სამშვიდობოები“ გაგზავნოს, თუ აღნიშნულ საკითხზე საერთაშორისო კონსენსუსი იქნება მიღწეული და ამისთვის უკრაინის კეთილი ნება იქნება. ამის შესახებ მან სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჰიპოთეტურად ასეთი რამის წარმოდგენა შესაძლებელია, თუ უკრაინის მხრიდან კეთილი ნება იქნება, ეს ხომ მისი ტერიტორიაა, თუ იქნება გაერო-ს უშიშროების საბჭოს მანდატი და თუ ასეთ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ყველა ჩვენი მთავრობა. თეორიულად ეს შესაძლებელია ასეთი გზით, და არანაირი სხვა გზით“, – განაცხადა ზასმა.
მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაციას ძალების იმ რაოდენობის გაგზავნა შეუძლია, რამდენიც საჭირო იქნება.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და სომხეთი. ამჟამად ორგანიზიციას სომხეთი თავმჯდომარეობს.