კოკა კობალაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასტიკად ნაცემია
კოკა კობალაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასტიკად ნაცემია

20 წლის კოკა კობალაძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასტიკად ნაცემია და მას პოლიციის თანამშრომლები მათთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდებას აიძულებდნენ.

ალექსანდრე კობაიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი იხსენებს, რომ პოლიციამ ოქმიც შეადგინა და ხელი მოაწერინეს.

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. სასტიკად არის ნაცემი. როგორც იგი აღნიშნავს, პოლიციელებმა ცემეს. სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ პოლიციელები სახლში შეუვარდნენ და ისე ცემეს. მოტყუებით შეავსებინეს ოქმი, ესაუბრებოდნენ მამაზე, თუ რა ინფორმაცია ჰქონდა და ამ ოქმის დასრულების შემდეგ, როდესაც ხელი მოაწერინეს ამის შემდეგ ცემეს და არაადამიანურად მოექცნენ, ვგულისხმობ იმას, რომ სახეზე დანა დაადეს და უთხრეს, თუ არ იტყოდა თვალს ამოუგდებდნენ და ასეთი ზეწოლის ქვეშ აიძულებდნენ, მიეცა მათთვის სასურველი ინფორმაცია. რა არის მათთვის სასურველი ინფორმაცია, ჩვენთვის უცნობია. ისეთი კითხვები იყო, რომ თითქოსდა არ იცოდნენ სად იყო მამა. ეს ტაქტიკა იყო, სტრატეგია თუ რა, ამას იმედია გამოძიება დაადგენს”,- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, საქმეში შესაძლებელია იმ ვიდეოჩანაწერების ამოღება, სადაც ფიქსირდება თუ ვინ შევიდა კოკა კობალაძის საცხოვრებელ სახლში. მისივე თქმით, არსებობს მოწმე, რომელიც ამოიცნობს კობალაძის ბინაში შესულ პირებს.

„არის მოწმე, რომელიც ნამდვილად შეესწრო აღნიშნულ ფაქტს, ასევე ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, შემოხეული მაიკა, ტანსაცმელი, რომელიც ეცვა კოკა კობალაძეს. სამედიცინო ცნობა არსებობს, რომ ნამდვილად ტვინის შერყევა აქვს. ასევე ჩვენი ინფორმაციით, არის ვიდეოჩანაწერი, სადაც მათ მანქანა გააჩერეს და შემდეგ ეს ორი პიროვნება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გადაადგილდა სადაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, ეს უკვე ერთობლიობაში იძლევა საფუძველს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მოახდინეს ზეწოლა”, – აცხადებს ადვოკატი.

ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ არსებობს ვერსია, რომლის თანახმადაც, თავდამსხმელები პოლიციის თანამშრომლები არ არიან, თუმცა ამ ვერსიას ადვოკატი გამორიცხავს.

20 წლის კოკა კობალაძის დედის განცხადებით, მის შვილს გუშინ სახლში ორი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. თათია დავითულიანის თქმით, კოკა კობალაძე ყვება, რომ თავდამსხმელები პოლიციის ფორმაში იყვნენ ჩაცმულები. კობალაძე ღუდუშაურის საავადმყოფოშია მოთავსებული. 20 წლის ახალგაზრდა პროკურატურის თანამშრომლებმა ადვოკატის თანდასწრებით დაკითხეს.

კოკა კობალაძე საფრანგეთში ორი თვის წინ დაკავებული ალექსანდრე კობალაძის შვილია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კოკა კობალაძის ბინაში პოლიციის თანამშრომლების ყოფნას არ ადასტურებს.

როგორც უწყებაში პირველ არხს განუცხადეს, ფაქტის შესწავლა შსს-მ უკვე დაიწყო, გამოძიებას კი, პროკურატურა დაიწყებს.