კოკა კაციტაძე - ფოტოგრაფების საქმეზე გამოძიება გრძელდება უფრო მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, რომელთა დავალებითაც განხორციელდა დანაშაული
კოკა კაციტაძე - ფოტოგრაფების საქმეზე გამოძიება გრძელდება უფრო მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, რომელთა დავალებითაც განხორციელდა დანაშაული

გამოძიება უკვე გრძელდება უფრო მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, რომელთა დავალებითაც განხორციელდა დანაშაული ფოტოგრაფების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კოკა კაციტაძემ ფოტორეპორტიორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ფოტოგრაფების საქმეზე ჩატარდა ხელახალი და ობიექტური გამოძიება. ხელახალი გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა, თუ როგორ დაიგეგმა ფოტოგრაფების დაკავება, როგორ შედიოდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფილი სამართალდამცველები, როგორ ახდენდნენ დაზარალებულებზე ზეწოლას და ღირსების შელახვას, რათა მათ ეღიარებინათ არარსებული დანაშაული და მიეცათ ცრუ აღიარებითი ჩვენებები“, – აღნიშნა კოკა კაციტაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული დანაშაულისთვის უკვე გასამართლებულია ორი პირი, ერთ-ერთი მათგანი სასჯელს იხდის, ხოლო მეორე პირი იძებნება.

„მეორე მნიშვნელოვანი წარმატება, რომელსაც მიაღწია პროკურატურამ სასამართლოში, არის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელსაც წინ უძღოდა პროკურატურის შუამდგომლობა და წარდგენილი ახალი მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც თბილისის სააპელაციო სასამართლომ ოთხივე მსჯავრდებული გაამართლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ შევხდით დაზარალებულებს, მივულოცეთ გადაწყვეტილება, რომელიც სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა. დაზარალებულებს გავაცანით, რომ გამოძიება უკვე გრძელდება უფრო მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, რომელთა დავალებითაც განხორციელდა დანაშაული ფოტოგრაფების მიმართ“, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ფოტორეპორტიორები სრულად გაამართლა. სააპელაციო სასამართლო 2011 წლის საქალაქო სასამართლოს განაჩენს განიხილავდა, რომლის მიხედვით, ფოტორეპორტიორები ირაკლი და ნათია გედენიძეები, ზურაბ ქურციკიძე და გია აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით, დამნაშავედ ცნეს.