კოკა კაციტაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება
კოკა კაციტაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, არგიშტი კიარამიანმა უმასპინძლა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკაში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსთან ერთად, მისი პირველი მოადგილე გიორგი კვარაცხელია, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ დარჩაშვილი და გენერალური ინსპექციის უფროსი გიორგი ნოზაძე იმყოფებიან.

საქართველოსა და სომხეთის საგამოძიებო სამსახურების უფროსებმა ოფიციალურ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები  განიხილეს. სწორედ ამ მიზნით სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტსა და საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც კოკა კაციტაძემ და არგიშტი კიარამიანმა ხელი ქალაქ ერევანში მოაწერეს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარებისათვის მზაობა გამოთქვეს, კოკა კაციტაძემ და არგიშტი კიარამიანმა სხვადასხვა საგამოძიებო მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე, მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ პროექტებსა და თანამშრომლობის ფარგლებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოლეგა უწყების წარმომადგენლებს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრას სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები, სომხეთისა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები – აშოტ სმბატიანი და გიორგი შარვაშიძე ესწრებოდნენ.