კოჯრის სამხედრო ნაწილში დაშავებულ ერთ სამხედრო მოსამსახურეს ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა
კოჯრის სამხედრო ნაწილში დაპირისპირების დროს დაშავებულ ერთ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, ოპერაცია ჩაუტარდა, – ამის შესახებ კლინიკის ექიმმა უჩა ცუხიშვილმა განაცხადა.
როგორც ექიმმა აღნიშნა, პაციენტს მუცლის არეში შემავალი ჭრილობა სავარაუდოდ ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. ცუხიშვილის თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მასთან ერთად, ინგოროყვას კლინიკაში კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურე შეიყვანეს, რომლებსაც ნაკლებად მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდათ. როგორც უჩა ცუხიშვილმა პირველ არხს განუცხადა, ორივე პაციენტს ჩაუტარდა ზედაპირული დათვალიერება და ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ მკურნალობას.
რაც შეეხება კიდევ ერთ დაშავებულ სამხედროს, ის „ამტელ ჰოსპიტალშია“ გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებიტ მოგაწვდით.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოჯრის სამხედრო ნაწილში დაპირისპირების დროს ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.