კოჯრის სამხედრო ნაწილში დაშავებული ორი ჯარისკაცის მდგომარეობა სტაბილურია
კოჯრის სამხედრო ნაწილში დაშავებული ორი ჯარისკაცის მდგომარეობა სტაბილურია

კოჯრის სამხედრო ნაწილში დაშავებული ორი ჯარისკაცის მდგომარეობა, რომლებიც ჯერ კიდევ ჰოსპიტალში რჩებიან, სტაბილურია. ექიმების განცხადებით, რამდენიმე დღეში კლინიკიდან ორივე პაციენტს გაწერენ.

ჰოსპიტალ “ამტელ”-ის კლინიკური დირექტორის, ლაშა მაჭარაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი ჯარისკაცის მდგომაროება ამჟამად სტაბილურია და უტარდება მკურნალობა.

„რამდენიმე დღე კიდევ მოუწევს ჩვენთან დარჩენა. შესაძლებელია, შემდეგში გორის ჰოსპიტალში გადაიყვანონ მკურნალობის გასაგრძელებლად“, – განაცხადა ლაშა მაჭარაშვილმა.

ინგოროყვას ექიმი-რეანიმატოლოგის, გიორგი გაფრინდაშვილის თქმით, სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც მათ კლინიკაში მკურნალობს, რამდენიმე დღეში გაწერენ.

„ჩვენთან მყოფი ჯარისკაცის მდგომაროება სტაბილურია. რამე დამატებით გართულებებს ადგილი არ ჰქონია, პალატაში იმყოფება და მკურნალობა გრძელდება. რამდენიმე დღე, ალბათ, მოუწევს დარჩენა და შემდეგ გაეწერება“, – განაცხადა გიორგი გაფრინდაშვილმა.

ჯარისკაცებს შორის დაპირისპირება კოჯრის ბაზაზე მოხდა. შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო ინციდენტში მონაწილე ხუთმა სამხედრო მოსამსახურემ, მათ შორის სამს დაუდგინდა ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები, ხოლო ორი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.