საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნაკრები მჯდომარე ფრენბურთში მსოფლიო ჩემპიონი გახდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნაკრები მჯდომარე ფრენბურთში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული საქართველოს ნაკრები მჯდომარე ფრენბურთში მსოფლიოს ჩემპიონი მეორედ გახდა.

საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვება ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“ გაერთიანებული სამეფოს ნაკრების წინააღმდეგ ასპარეზობისას მოიპოვა. ქართველმა სამხედროებმა დიდი ბრიტანეთის ნაკრები ფინალში 2:0 დაამარცხეს და ოქროს მედალოსანი გახდნენ.

მჯდომარე ფრენბურთში ქართველი სამხედროების ფინალურ თამაშს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია მოადგილეებთან ერთად საქართველოდან გულშემატკივრობდნენ. მატჩის დასრულებისთანავე, მათ ქართველ სამხედროებს გამარჯვება ტელეფონის საშუალებით მიულოცეს და საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს.

ფინალში გასვლამდე ქართველ სამხედროებს მჯდომარე ფრენბურთში რუმინეთის, გერმანიისა და ესტონეთის ნაკრებების წინააღმდეგ მოუწიათ თამაში, გამარჯვებების შედეგად კი, ფინალურ შეხვედრაში გაერთიანებული სამეფოს ნაკრებს შეხვდნენ.

„ძლიერთა თამაშებში“ საქართველოს ნაკრები უკვე მეოთხედ მონაწილეობს. ქართველი სამხედროები მჯდომარე ფრენბურთში გასულ წელს კანადაში, ქალაქ ტორონტოში გამართულ „ძლიერთა თამაშების“ ჩემპიონები გახდნენ, წელს კი შედეგი კიდევ უფრო გააუმჯობესეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

სპორტული შეჯიბრება, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ფონდისა და პრინც ჰარის პატრონაჟით იმართება, სიდნეიში 27 ოქტომბრამდე გაგრძელდება.