კოდისწყაროს მცხოვრები - ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში აცხადებდა, საქართველოს აქ საზღვარი არცერთ სახელმწიფოსთან არ აქვს, მე საზღვარი არ დამირღვევიაო
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში აცხადებდა, საქართველოს აქ საზღვარი არცერთ სახელმწიფოსთან არ აქვს, მე საზღვარი არ დამირღვევიაო, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სოფელ კოდისწყაროს მცხოვრებმა, ზურა ტუხიაშვილმა განუცხადა, რომელიც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად ცხინვალის იზოლატორში იმყოფებოდა.
საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლებული მწყემსი ყვება, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი მათი გათავისუფლების წინა დღეს გაიყვანეს საკნიდან და მას შემდეგ აღარ უნახავთ.
„როდესაც შეგვიყვანეს საკანში, დაგვხვდა ოთხი კაცი. ერთი ექიმი იყო, ორი ბერშუელი და ერთიც გრემისხეველი. საზღვრის დარღვევაზე იყვნენ ყველა დაკავებული. ექიმმა განაცხადა, რომ საქართველოს აქ საზღვარი არცერთ სახელმწიფოსთან არ აქვსო, მე არ დამირღვევია საზღვარიო. თქვენ არ იცნობთ სამხრეთ ოსეთსო, კუთხეს? სამხრეთ ოსეთს ნამდვილად არ ვიცნობო. მერე გაიყვანეს საკნიდან და აღარ გვინახავს. 14-ში დავტოვეთ ცხინვალი. წინა დღეს გაიყვანეს. ჩვენ რომ სასამართლოდან მიგვიყვანეს, იქ დაგვხვდა. მერე ის გაიყვანეს დაკითხვაზე და მას შემდეგ აღარ გვინახავს. თქვა, რომ მონასტერში დააკავეს. ეს სოფელ საკორინთლოს ესაზღვრება. სად მიდიოდა, ნამდვილად არ უთქვამს. შემთხვევით მოხდა თუ ავადმყოფის დასახმარებლად მიდიოდა, ზუსტად არ ვიცი. როგორც ვიცი, ავადმყოფის დასახმარებლად მიდიოდა. წინააღმდეგობა არ გაუწევია. ხელი არ უხლიათ. ცემა და ძალადობა არ ყოფილა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან კოდისწყაროში მცხოვრებმა ზურა ტუხიაშვილმა.
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად, ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში საქართველოს კიდევ ხუთი მოქალაქე იმყოფებოდა. კოდისწყაროში მცხოვრები ორი მწყემსი, სოფელ ბერშუეთიდან გატაცებული ორი ადგილობრივი და გრემისხევში მცხოვრები ადგილობრივი ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დაკისრებული 2000 რუსული რუბლის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.