კობა კობალაძე - ანდერს ფოგ რასმუსენმა გამოხატა აზრი, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რამდენად მიიღებს, რომ დაიწყოს მსჯელობა ნატო-ში გაწევრიანებაზე აღნიშნული პირობით
ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რამდენად მიიღებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ მუხლის არგავრცელების პირობებში შეიძლება, დაიწყოს მსჯელობა დანარჩენი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის გუშინდელი განცხადება მისი მოსაზრება და ვარაუდი იყო, რაზეც გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობამ უნდა მიიღოს.
„ჩვენს ქვეყანას არჩეული აქვს კონკრეტული პოზიცია. ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარება და სწრაფვა ევროატლანტიკურ სივრცეში. ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ იყო აზრი გამოხატული, რომელიც რეალურად მსჯელობის საგნად გახადა მეხუთე მუხლის ამოქმედების შესაძლებლობაზე. ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რამდენად მიიღებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ მუხლის არგავრცელების პირობებში შეიძლება, დაიწყოს მსჯელობა დანარჩენი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე. ეს იყო მისი ვარაუდი. ეს არის მსჯელობის საგანი. ამაზე ვერავინ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენი ხალხის, ჩვენი ერის და ჩვენი ხედვის გარეშე. მე ჩემი ქვეყნის ტერიტორიული სიძლიერისა და ერთიანობის ხარჯზე არავითარ შემთვევაში არ მიღირს არც ერთი გადაწყვეტილების არც მიღება და არც იმ გადაწყვეტილების მიმართულებით საუბარი“, – განაცხადა კობა კობალაძემ.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში გაიმართა, გუშინ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებს, თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე იგივე კითხვას უნდა უპასუხონ ნატო-შიც. ამასთან, მისი თქმით, პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას და შემდეგ უნდა წავიდეს ნატო-ში. „ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.