კობა გვენეტაძე - რეიტინგების გაუმჯობესება აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ინვესტორების ნდობას, ასევე პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე
ქვეყნის მიერ საკრედიტო რესურსის შედარებით იაფად მოზიდვის კუთხით სუვერენულ რეიტინგს დიდი მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
გვენეტაძე კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიურ ანგარიშს წარადგენს.
„2010 წლიდან საქართველოს სუვერენული რეიტინგი წლების განმავლობაში უცვლელი იყო. 2019 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს შენარჩუნების ძალისხმევა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესებულ შეფასებაშიც აისახა. კერძოდ, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ Standard&Poor’s-მა (S&P) საქართველოს სუვერენული რეიტინგი „BB“ დონემდე ასწია სტაბილური პერსპექტივით. ასევე, მეორე დიდმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ Fitch Ratings საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB-“-დან „BB“-მდე გაზარდა. ამას კი, წინ უძღოდა 2017 წელს სარეიტინგო კომპანია Moody’s-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის Ba2-მდე გაზრდა, რაც 2010 წლიდან არ მომხდარა. საერთაშორისო რეიტინგების გაუმჯობესება კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
მისი შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესება განპირობებულია იმ ღონისძიებებით და შედეგებით, რომლებსაც საქართველომ ბოლო პერიოდში მიაღწია.
„საგარეო რისკების ზრდის მიუხედავად, ეკონომიკური ზრდა ძლიერი იყო; გრძელდებოდა მცურავი გაცვლითი კურსის მხარდაჭერა, რამაც, თავის მხრივ, ბოლო წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას შეუწყო ხელი და 2019 წელს ისტორიულად ყველაზე დაბალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი დაფიქსირდა საქართველოში. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებმა დადებითად შეაფასეს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების დაგროვებისაკენ მიმართული ღონისძიებები, ვინაიდან ეს აძლიერებს ქვეყნის საგარეო ბუფერებს და საერთაშორისო ინვესტორებისთვის პოზიტიურ სიგნალებს გზავნის. აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო რეიტინგის მიღებამდე საქართველოს მხოლოდ ორი ბიჯი აკლია“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.