კობა გვენეტაძე - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა საბოლოოდ ფასების ზრდის ტემპს შეანელებს
კობა გვენეტაძე - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა საბოლოოდ ფასების ზრდის ტემპს შეანელებს

მონეტარული პოლიტიკის ზრდა ქვეყანაში მთლიანი ხარჯვის მოცულობას შეამცირებს, რაც, საბოლოოდ, სამომხმარებლო პროდუქტების ფასების ზრდის ტემპებს შეანელებს, – ამის შესახებ პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ლარის კურსის გაუფასურება ინფლაციურ პროცესებში გადავიდა და ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო და რეფინანსირების განაკვეთი ეტაპობრივად 2.5 პროცენტული პუნქტით, 9.0 პროცენტამდე გაზარდა.

„საპროცენტო განაკვეთების ზრდა ეროვნული ვალუტით დანაზოგებს უფრო მიმზიდველს ხდის და ინვესტორებს ლარის ფასიანი ქაღალდების გამოყენებისკენ უბიძგებს, ეს კი ლარზე მოთხოვნის ზრდას და მის გამყარებას ეხმარება. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა მის ხელთ არსებული სხვა ბერკეტებიც აამოქმედა, კერძოდ, განახორციელა ინტერვენციები და შეამცირა უცხოური ვალუტის სარეზერვო მოთხოვნები. თუმცა, ყველაზე ქმედითი ბერკეტი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთია. არსებული საბაზო პროგნოზით, წლიური ინფლაცია, სხვა თანაბარ პირობებში, მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება“, – განაცხადა გვენეტაძემ.