კობა გვენეტაძე - გარკვეული პერიოდის შემდეგ, ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში  მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება
კობა გვენეტაძე - გარკვეული პერიოდის შემდეგ, ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში  მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება

ინფლაცია ეროვნული ბანკის მთავარი მანდატია და ის ყოველთვის არის ეროვნული ბანკის საზრუნავი, –  ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა თანმიმდევრული ზომები მიიღო, რომ გრძელვადიან პერიოდში ინფლაცია არ გაიზარდოს და დასტაბილურდეს.

„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო სამი შეხვედრის დროს გამკაცრდა მონეტარული პოლიტიკა, გაიზარდა საპროცენტო განაკვეთი, რამაც უნდა მოახდინოს გავლენა ინფლაციაზე სხვადასხვა არხის საშუალებით. ერთი არხი არის ლარის სესხებზე მოთხოვნის შემცირება, ამავე დროს, ეს არის მოლოდინების შემცირება ინფლაციაზე. როგორც მოგეხსენებათ, წლიური ინფლაცია 6,9 პროცენტი, საბაზისო ინფლაცია კი, 3,4 პროცენტია“, – განაცხადა გვენეტაძემ.

მან განმარტა, რომ საბაზისო ინფლაცია, როგორც წესი, ინფლაციის დინამიკის მიმართულებას აჩვენებს და არ არის შორს სამიზნე მაჩვენებლისგან.

„ამასთან, მიზნობრივი მაჩვენებელი არ არის ლიმიტი, რადგანაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მოვლენების გამო და ამ შემთხვევაში,  ჩვენ გვქონდა საგარეო შოკი, რომელიც საქართველომ მიიღო, შეიძლება, ინფლაცია იყოს მიზნობრივ მაჩვენებელზე უფრო მაღალი ან მიზნობრივ მაჩვენებელზე უფრო დაბალი. ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესაბამისად, გარკვეული პერიოდის შემდეგ,  ის აუცილებლად საშუალოვადიან პერიოდში დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გარდა, სარეზერვო  მოთხოვნებიც შემცირდა, რაც კიდევ ერთი ნაბიჯი იყო იმ მიმართულებით, რომ შემცირდეს გაუფასურებული გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მოქმედი წნეხი.

კობა გვენეტაძემ ლარიზაციის პოლიტიკაზეც ისაუბრა.

„ძირითადი პრობლემა, რომელიც მოდიოდა უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებთან დაკავშირებით, ეს იყო ინდივიდუალური სესხებიდან გამომდინარე, რადგანაც სწორედ ეს სეგმენტი, სამომხმარებლო სესხები, ზოგ შემთხვევაში, იპოთეკური მსესხებლებიც ვერ ახერხებდნენ გამკლავებას იმ რთულ სიტუაციაში, როდესაც სესხი იყო აღებული უცხოურ ვალუტაში, ხოლო შემოსავალი იყო ლარებში. ამისთვის, დადგენილი არის ზღვარი და 200 000 ლარამდე სესხები გაიცემა მხოლოდ ლარებში“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული ზღვარი ძალაშია.

„რაც შეეხება კორპორატიულ მსესხებლებს, მცირე და საშუალო საწარმოებს, მათ უკეთესად შეუძლიათ, გაუმკლავდნენ ასეთ სიტუაციას. ასე რომ, ლარიზაცია კვლავ არის ის მიმართულება, რომელსაც ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით“, – განცხადა კობა გვენეტაძემ.