კობა გვენეტაძე - ეროვნულ ბანკს არ აქვს მანდატი, გადაწყვიტოს, გათეთრდა თუ არა ფული, ჩვენი ფუნქცია არის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება
ეროვნული ბანკის ფუნქცია შემოიფარგლება იმით, შეამოწმოს რამდენად ხდება მისი ზედამხედველობის სუბიექტების მიერ ფულის გათეთრების აღკვეთი ღონისძიებების ხელშეწყობის კანონმდებლობის დაცვა, ეროვნული ბანკს არ აქვს მანდატი, გადაწყვიტოს, გათეთრდა თუ არა ფული, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
კობა გვენეტაძემ სხდომაზე დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვას უპასუხა, რომელიც „თიბისი ბანკის“ ტრანზაქციასთან და ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას ეხებოდა.
კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა შეისწავლა ინტერესთა კონფლიქტის დარღვევასთან დაკავშირებული საკითხი, რომლის შესახებაც „თიბისი ბანკს“ არ აქვს ეროვნულ ბანკთან არანაირი დავა.
„ყველანაირი დავა ამ საკითხთან დაკავშირებით „თიბისი ბანკს“ აქვს შეწყვეტილი. ამავე დროს, ფულის გათეთრების ინსპექტირებასთან დაკავშირებითაც მუშაობს ეროვნული ბანკი და ასეც უნდა იყოს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის ფუნქცია შემოიფარგლება ამ შემთხვევაში ფულის გათეთრების აღკვეთი ღონისძიებების ხელშეწყობის კანონმდებლობის დაცვასთან დაკავშირებით, ანუ ჩვენ უნდა შევამოწმოთ და დავაიდენტიფიციროთ, რამდენად ხდება ამ კანონმდებლობის დაცვა ჩვენი ზედამხედველობის სუბიექტების მიერ. ეროვნულ ბანკს არ აქვს მანდატი, გადაწყვიტოს და განსაზღვროს, გათეთრდა თუ არა ფული“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
კითხვაზე დაირღვა, თუ არა კანონი, გვენეტაძე აცხადებს, რომ კანონი დაირღვა, თუმცა, მისივე განმარტებით, შესაძლებელია, ფულის გათეთრების კანონმდებლობა დაირღვეს, თუმცა ფული არ გათეთრდეს და პირიქით.
„ჩვენი ფუნქცია იყო, კანონმდებლობასთან შესაბამისობა შეგვემოწმებინა. ფულის გათეთრების დეტერმინაციის პროცესი საკმაოდ რთულია. ეს არ არის ადვილი და აქედან გამომდინარე, კანონმდებლობის ნებისმიერი დარღვევა შესაძლებელია, არ იყოს ფულის გათეთრება. ერთდადერთი ორგანო, რომელმაც შეიძლება, დაადგინოს გათეთრდა თუ არა ფული, ეს არის სასამართლო “, – განაცხადა კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის პასუხად.