კლუბ „ბასიანთან“ დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
კლუბ „ბასიანთან“ დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს წარმომადგენლებს მოსამართლის განჩინების საფუძველზე უნდა განეხორციელებინათ საგამოძიებო მოქმედებები საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის ამოღების მიზნით.
„დღეს, 22 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მიმართეს შპს „ბასიანის“ ადმინისტრაციას მოსამართლის 24 მაისის განჩინებით (რომლის მოქმედების ვადაა 30 დღე) და განუმარტეს, რომ ამ განჩინების საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო საგამოძიებო მოქმედებები საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის ამოღების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის ადმინისტრაციას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ვინაიდან მოსამართლის განჩინებაში მითითებული იყო შპს „ბასიანის“ ძველი საიდენტიფიკაციო კოდი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები. ხარვეზის აღმოფხვრის შემდგომ კლუბ ბასიანში განხორციელდება საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის ამოღება”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
კლუბ „ბასიანის“ ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შსს-ს წარმომადგენლები კლუბში ჩხრეკას ატარებენ. სამინისტროში კი განმარტეს, რომ ოფისში არანაირი ჩხრეკა არ არის და გარკვეული დოკუმენტების ამოღება ორივე მხარის შეთანხმებით მიმდინარეობს. ამასთან, კლუბის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სამინისტრო ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.