„ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი შსს-ს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
„ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი შსს-ს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ტატო გეთია შსს-ს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, თითქოს ბასიანის ოფისში ჩხრეკა ორივე მხარის თანხმობით მიმდინარეობს.

“ისინი ავრცელებენ თავისი მედიასაშუალებებით მტკნარ სიცრუეს, თითქოს ორი მხარის შეთანხმებით უნდა მოხდეს ჩხრეკა, რაც არის სრული აბსურდი. ჩვენთვის ეს იყო ჩვეულებრივი შოკი, მითუმეტეს დღეს, როდესაც გვაქვს ღონისძიება დაგეგმილი. მე არაფერი დამრჩენია გარდა იმისა, რომ დარწმუნებული ვიყო, ეს არის გაგრძელება წნეხის, იმ კაპანიისა და იმ მასკარადის, რომელიც ბასიანის წინააღმდეგ თვეებია მიმდინარეობდა, რომელიც დაგვირგვინდა შავი პარასკევით“,- აცხადებს ტატო გეთია.

მისივე განმარტებით, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები რჩებიან ოფისში, თუმცა ჩხრეკა არ დაწყებულა და გამომძიებლები განმარტებებსაც არ აკეთებენ.

ამასთან, კლუბ „ბასიანის“ ადვოკატი ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ ჩხრეკა, რომელიც კლუბში მიმდინარეობს უკანონოა.

“გამომძიებელმა წარმოადგინა სასამართლო განჩინება, სადაც წერია სხვა საკადასტრო კოდი, რომელიც არ ემთხვევა „ბასიანის“ საკადასტრო კოდს. ამიტომ უარს ვეუბნებით ჩხრეკის ჩატარებაზე. მივიღებთ ყველა ზომას, რომ ეს უკანონობა აღმოიფხვრას. ვიდრე არ წარმოადგენს გამოძიება, რომ ჩხრეკა უნდა ჩატარდეს „ბასიანის“ იმ საკადასტრო კოდის საფუძველზე, რომელითაც იგი რეგისტრირებულია, სხვაგვარად დოკუმენტის გაცემა არის შეუძლებელი. ჩხრეკა მიმდინარეობს უკანონოდ. ჩვენ ახლა ამას ოქმში დავაფიქსირებთ, რომ არ ვეთანხმებით, არ ვესწრებით და რაც უნდათ ის გააკეთონ”, – განაცხადა გელბახიანმა.

შსს-ში აცხადებენ, რომ კლუბ „ბასიანის” ოფისში არანაირი ჩხრეკა არ არის და გარკვეული დოკუმენტების ამოღება ორივე მხარის შეთანხმებით მიმდინარეობს.