კლუბ „ბასიანის“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა.
გამომძიებლებმა ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს.
კლუბ „ბასიანის“ ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შსს-ს წარმომადგენლები კლუბში ჩხრეკას ატარებენ. სამინისტროში კი განმარტეს, რომ ოფისში არანაირი ჩხრეკა არ არის და გარკვეული დოკუმენტების ამოღება ორივე მხარის შეთანხმებით მიმდინარეობს. ამასთან, კლუბის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სამინისტრო ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
ამის შემდეგ შსს-ში განმარტეს, რომ სამინისტროს წარმომადგენლებს მოსამართლის განჩინების საფუძველზე უნდა განეხორციელებინათ საგამოძიებო მოქმედებები საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის ამოღების მიზნით.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის ადმინისტრაციას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ვინაიდან მოსამართლის განჩინებაში მითითებული იყო შპს „ბასიანის“ ძველი საიდენტიფიკაციო კოდი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები. ხარვეზის აღმოფხვრის შემდგომ კლუბ ბასიანში განხორციელდება საფინანსო-საბუღალტროდოკუმენტაციის ამოღება”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.