კლიმატის ცვლილების გამო, არქტიკაში პოლარული და მურა დათვების ჰიბრიდები გამოჩნდნენ — #1tvმეცნიერება
13:46, 18.11.2022
დედამიწის მაღალ განედებზე, ხმელეთის უდიდესი მტაცებლები სულ უფრო ხშირად კვეთენ მურა დათვების გზებს, რის შედეგადაც, არქტიკაში ახალი, ჰიბრიდი დათვები გამოჩნდნენ.
2006 წელს, კანადის არქტიკაში მონადირემ მოკლა დათვი, რომელიც სხვებს საერთოდ არ ჰგავდა. დნმ-ის ტესტმა შემდეგ დაადასტურა, რომ სინამდვილეში, ეს ცხოველი ნაწილობრივ გრიზლი იყო, ნაწილობრივ პოლარული დათვი.
შემდეგ წლებში, ჩრდილოეთ ამერიკაში სულ უფრო მეტი ასეთი „პიზლი“ ან „ბროლარული დათვი“ გამოჩნდა, როგორც მათ უწოდეს. ამჯერად კი ციმბირელი მეცნიერები იუწყებიან, რომ იგივე შეიძლება ყველგან ხდებოდეს ყინულოვან ჩრდილოეთში.
„მურა დათვები ტუნდრაში გადადიან. ისინი უკვე შემჩნეული არიან მდინარე კოლიმას ქვედა წელშიც, სადაც პოლარული დათვები ბინადრობენ. მაგალითად, მურა დათვები დაფიქსირებულია ანაბარის რაიონში (იაკუტია). დიდი ალბათობით, მომავალში იქ პოლარული და მურა დათვების ჰიბრიდები გამოჩნდებიან“, — ამბობს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევარი ინოკენტი ოხლოპკოვი.
პოლარული და მურა დათვები ერთმანეთს დაახლოებით 500 000 წლის წინ გამოეყვნენ. მათ შორის შეჯვარებით იბადება ნაყოფიერი ნაშიერი.
კლიმატის ცვლილების გაძლიერებასთან ერთად, ჩნდება ახალი მიწები და საკვები და ამ მოვლენათა მაჩვენებელი შეიძლება სულ უფრო გაიზარდოს, რადგან მურა დათვები ჩრდილოეთით მიიწევენ და სულ უფრო ხშირად იკვეთებიან პოლარულ დათვებთან. ამავე დროს, ზღვის ყინულის დნობა პოლარულ დათვებს ხმელეთის სიღრმეში შესვლას აიძულებს და შესაბამისად, ამ ორი სახეობის გზების გადაკვეთაც ხშირდება.
რუსეთის ზოგიერთ რეგიონში ადგილობრივებმა უკვე ბევრჯერ შენიშნეს ეს ორი სახეობა ერთად. ციმბირის იაკუტიის რეგიონში პოლარული დათვების ორი პოპულაციაა, რომლებიც შესაძლოა, მურა დათვებთან ჯვარდებიან.
ზოგიერთი კვლევის შეფასებით, 2100 წლისთვის პოლარული დათვები შეიძლება გადაშენების პირას მივიდნენ და დარჩეს მხოლოდ რამდენიმე ეული ქვეპოპულაცია არქტიკის ყველაზე მაღალ მისადგომებში. თუკი მათი საკმარისი რაოდენობა შეჯვარდა მურა დათვებთან, სუფთა სახეობა შეიძლება უფრო მალეც გაქრეს.
ზღვის ყინულის დნობის გამო, პოლარული დათვების რაოდენობა სავარაუდოდ უკვე შემცირებულია, მაგრამ ექსპერტები ახლა იმას შიშობენ, რომ გადარჩენილ ინდივიდთა გენეტიკა ჰიბრიდიზაციის გამო დაბინძურდება.
უფრო მეტიც, ეს პროცესი უკვე დაწყებულია. 2010 წელს, ჩრდილოეთ ამერიკაში მკვლევრებმა მართლაც აღმოაჩინეს ნაჯვარი დათვი, რომლის დედაც ჰიბრიდი იყო, მამა კი მურა დათვი.
პოლარული დათვებისგან განსხვავებით, რომლებიც ცხოველთა ცხიმის სქელი ფენითა და ხორცით იკვებებიან, მურა დათვების რაციონი ძლიერ ცვალებადია. ჭამენ ფაქტობრივად ყველაფერს, რაც თათებში მოხვდებათ, რის გამოც, ისინი უკეთ ერგებიან გარემოს ცვლილებას.
პოლარული დათვები ასე მორგებადები არ არიან, მაგრამ სავარაუდოა, რომ მურა დათვებისგან მიღებული გენები ამ სახეობას არქტიკაში გადარჩენაში დაეხმარება.
თუ ასე მოხდა, პოლარულმა დათვებმა შეიძლება კიდევ დიდხანს იარსებონ, მაგრამ აღარასოდეს იქნებიან ისეთები, როგორიც წარსულში.
ერთ მშვენიერ დღესაც, ისინი შეიძლება სრულიად ახალ სახეობად ჩამოყალიბდნენ.