ყვავილოვან მცენარეთა ყვავილის მტვერი ჰაერში დაფრინავს; ზოგჯერ ქარს ის ასობით კილომეტრზეც გადააქვს. როგორც ჩანს, კლიმატის კრიზისმა ასეთი „მოგზაურობა“ კიდევ უფრო დააჩქარა და მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში ალერგიის სეზონის უფრო ადრე დაწყება, დიდხანს გაგრძელება და წლიდან წლამდე გამწვავება განაპირობა.
მეცნიერთა დასკვნით, გასული 30 წლის განმავლობაში, კლიმატის ცვლილების შედეგად მომატებულმა ტემპერატურამ ჩრდილოეთ ამერიკაში ყვავილის მტვრის სეზონი წელიწადში 20 დღით გაზარდა. ამავე დროს, CO2-ის უფრო მაღალი დონის გამო, გაზაფხულზე უფრო მეტი ყვავილის მტვერი წარმოიქმნება. იგივე ტენდენცია შეინიშნება ევროპაშიც.
ყვავილის მტვრის ზრდა ალერგიულ ადამიანებში ამწვავებს ყველა სახის რესპირატორულ პრობლემებს, მაგრამ არის ამ პროცესში ჩართული კიდევ ერთი ფენომენი, რომელიც ხშირად გვავიწყდება.
სამხრეთ-აღმოსავლეთ გერმანიაში ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ამინდის მახასიათებლებისა და ატმოსფეროს ცირკულაციის ცვლასთან ერთად, ასევე იცვლება ყვავილის მტვრის გადაადგილების გზა — მტვერი პოტენციურად ვრცელდება ახალ ზონებში და ადამიანებთან მიაქვს სხვადასხვა ისეთი ალერგენი, რომლის წინააღმდეგ მათი იმუნური სისტემა მოუმზადებელია.
კვლევა ფოკუსირებული იყო ბავარიაზე და ექვსი ტიპის ყვავილოვანი მცენარის მონიტორინგისთვის იყენებდა რეგიონის მასშტაბით განლაგებულ ყვავილის მტვრის მონიტორინგის ექვსი სადგურის მონაცემებს.
ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ 1987-დან 2017 წლამდე, გარკვეული სახეობების, მაგალითად, თხილის ბუჩქებისა და მურყნის ხეების ყვავილობის სეზონი ყოველწლიურად 2 დღით იზრდებოდა და შედეგად, ბავარიაში ყვავილის მტვრის სეზონს 60 დღე დაემატა. ამავე პერიოდში, სხვა სახეობები, მაგალითად, არყის ხეები და იფანი, ყვავილობას და მტვრის გამოყოფას ყოველწლიურად 0,5 დღით ადრე იწყებდნენ.
თუმცა, ყველაზე გასაკვირი აღმოჩნდა ის, თუ რამდენი ყვავილის მტვერი იყო არაადგილობრივი. მონიტორინგის ალპური სადგურებზე, მტვრის სახეობათა 75 პროცენტი არაბავარიული იყო. დაბლობის სადგურებზე კი არაადგილობრივ მტვრის წყაროებთან დაკავშირებული იყო ყვავილის მტვრის 63 პროცენტი და თანაც, ასე იყო ბავარიის ძირითად მტვრიანობის სეზონზეც.
„ეს იმას ნიშნავს, რომ მტვრის ნამდვილი კონცენტრაცია ნაკლებად არის დამოკიდებული ადგილობრივ გარემო პირობებზე და უფრო მეტად დამოკიდებულია რეგიონთაშორის ქარსა და ატმოსფერულ მახასიათებლებზე“, — წერენ მკვლევრები.
მტვრის გადაადგილების ცვლილება ნიშნავს იმას, რომ დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოს სხვა ზონებიდან შემოდის უფრო მეტი ყვავილის მტვერი, რაც ალერგიის ადგილობრივ სეზონს ახანგრძლივებს და უფრო ცვალებადს ხდის გაზაფხულის მიწურულისკენ.
ეს კვლევა კარგად ემთხვევა კიდევ ერთ სხვა ახალ კვლევას, რომელიც მთელი ევროპის მასშტაბით ჩატარდა და დაადგინა, რომ მხოლოდ მტვრის გადაადგილებაზე მოდის ბალახის მტვერში დაფიქსირებულ ბოლოდროინდელ ცვლილებათა 20 პროცენტი და არყის ხის მტვრის ცვლილების 40 პროცენტი. ზოგჯერ ეს დამატებითი მტვერი ღამითაც ჩნდება, იმ დროს, რომელიც ალერგიულ ადამიანთათვის სახლიდან გასვლისთვის უსაფრთხოდ მიიჩნევა.
„მტვრის გადაადგილებას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ყვავილის მტვერზე ალერგიის სეზონის სიგრძეზე, დროში განაწილებასა და სიმკაცრეზე“, — ამბობს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ეკოკლიმატოლოგი იე იუანი.
ბავარიაში ჩატარებული კვლევა ერთ-ერთი პირველი რეგიონული კვლევაა ამ საკითხზე და როგორც ის მიუთითებს, ყვავილის მტვრის გაზაფხულამდე შემოჭრა სხვადასხვა რეგიონიდან მართლაც ხდება.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ 2005-2015 წლებს შორის, საკმაოდ გავრცელებული იყო სეზონამდელი მტვერი, მაშინაც კი, როდესაც კონკრეტული მცენარე ბავარიაში ჯერ არ ყვაოდა. მეტიც – მრავალი არაადგილობრივი მტვერი ადგილობრივ წყაროებზე სულ მცირე 10 დღით ადრე ჩნდებოდა.
„ყვავილის მტვრის ძირითად სეზონზეც კი, მტვრის სეზონთა 70 პროცენტის დაწყების თარიღი ტრანსპორტირებასთან იყო დაკავშირებული. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ყვავილის მტვრის სეზონი მხოლოდ სუსტად არის დამოკიდებული ადგილობრივ მტვრის წყაროთა ყვავილობაზე“, — წერენ ავტორები.
კიდევ ერთი საკითხია, თუ საიდან მოდის ეს არაადგილობრივი ყვავილის მტვერი, რაც უკვე ამ კონკრეტული კვლევის ფარგლებს სცდება, თუმცა შესასწავლად ნამდვილად ღირს.
„ჩვენთვის მოულოდნელი იყო, რომ სეზონამდელი ყვავილის მტვრის ტრანსპორტირება საკმაოდ ხშირი ფენომენია და შემთხვევათა ორ-მესამედში ფიქსირდება“, — ამბობს მიუნხენის უნივერსიტეტის ეკოკლიმატოლოგი ანეტ მენცელი.
მისივე თქმით, თუ ამ ფაქტორს მხედველობაში მივიღებთ, ყვავილის მტვრის სეზონი შეიძლება იმაზე დიდხანსაც გაგრძელდეს, ვიდრე წინა შეფასებები მიუთითებდა.
ყვავილის მტვერზე ალერგიები ჩრდილოეთ ევროპაში მოსახლეობის 40 პროცენტს აღენიშნება და როგორც უახლესი კვლევები მიუთითებს, ყვავილის მტვრის მაღალი კონცენტრაცია, მტვრიანობის უფრო გრძელი სეზონები და ამ მტვრის ახალ ზონებში გავრცელება, შესაძლოა, ასევე დიდი პრობლემა აღმოჩნდეს.
„ადგილობრივ მცხოვრებთა ჯანმრთელობაზე სერიოზული გავლენა განსაკუთრებით შეიძლება იქონიოს მსუბუქმა ალერგენულმა ყვავილის მტვერმა, რომელიც დიდ მანძილზე გადაადგილდება“, — ამბობს იუანი.
კვლევა ჟურნალ Frontiers in Allergy-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია phys.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.