ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ნეიროვასკულარული დაავადება ნაწლავის ბაქტერიებთან არის კავშირში — ახალი კვლევა
ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ნეიროვასკულარული დაავადება ნაწლავის ბაქტერიებთან არის კავშირში — ახალი კვლევა

ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს კვლევები, რომლებიც სწავლობს კავშირს ჩვენს ნაწლავებში ბინადარ მიკრობებსა და თავის ტვინისა და ნერვული სისტემის ჯანმრთელობას შორის. სამწუხაროდ, ასეთ კვლევათა უმეტესობა ან არაპირდაპირია, ან დიდწილად ლაბორატორიის ცხოველებს ეფუძნება.

ამჯერად უკვე არსებობს ადამიანი მოხალისეებისგან მიღებული სოლიდური მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ უიშვიათესი ნეიროვასკულარული დაავადება, სახელად კავენოზული ჰემანგიომა შეიძლება გამოწვეული იყოს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ბინადარ გარკვეულ ბაქტერიათა მიერ.

მკვლევართა ჯგუფმა ეს კვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ასეთ კავშირზე მიუთითა თაგვებზე ჩატარებულმა ცდებმა.

„შესაძლო ეფექტი ძალიან დიდი იყო, მაგრამ არ ვიცოდით, ასე იქნებოდა თუ არა ადამიანებშიც“, — ამბობს კვლევის ავტორი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის ნევროლოგი ისან ავადი.

კავენოზული ჰემანგიომა არის დაზიანებები, რომლებიც ვლინდება თავისა და ზურგის ტვინის სისხლძარღვების უჩვეულო გაფართოებით. საბედნიეროდ, დაავადება იშვიათია და ადამიანთა მხოლოდ 0,2 პროცენტში გვხვდება.

დაავადების გავლენა დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, სად განვითარდება ეს პათოლოგიური სისხლძარღვები. ნერვული სისტემის ზოგიერთ ზონაში მათ შეიძლება წარმოქმნან შეტევები, რომლებიც ხშირად დროთა განმავლობაში უარესდება. ზოგ ზონაში განვითარებამ კი შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე კიდურებში, მხედველობისა და მეხსიერების პრობლემები.

მიუხედავად იმისა, რომ დაავადება შეიძლება სპორადულად გამოჩნდეს ინდივიდებში, რომელთაც ოჯახში მისი ისტორია არ არსებობს, არის კავენოზული ჰემანგიომის მემკვიდრეობითი ფორმაც, რაც რამდენიმე გენთან არის დაკავშირებული.

რა თქმა უნდა, დაავადებები ხშირად საკმაოდ გართულებულია და სიმპტომების განვითარებაში წვლილი შეაქვს მრავალ ფაქტორს.

ამ დაავადებაში ბაქტერიის პოტენციური როლის გასარკვევად, მკვლევრებმა შეაგროვეს 100-ზე მეტი ინდივიდის ფეკალიების ნიმუშები; ყველა მონაწილეს ჰქონდა კავენოზული ჰემანგიომის მემკვიდრეობითი ან სპორადული ფორმა.

ასევე შეგროვდა 250 ადამიანის ასეთივე ნიმუში, რომელთაც ამ დაავადების დიაგნოზი არ ჰქონდათ.

ორივე სახის ნიმუშთა გენეტიკურმა ანალიზებმა დაადასტურა აშკარა კავშირი ნეიროვასკულარულ მდგომარეობასა და გრამუარყოფით ბაქტერიათა ფლობას შორის.

„კავენოზული ჰემანგიომით დაავადებულ პაციენტებს ერთნაირად სხვანაირი მიკრიბიომი ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, მემკვიდრეობით მიღებული მუტაციები აღენიშნებოდათ თუ სპორადული დაზიანება; მნიშვნელობა არ ჰქონდა დაზიანებათა რაოდენობასაც“, — ამბობს ავადი.

ჯანმრთელ ადამიანთაგან განსხვავებით, კავენოზული ჰემანგიომით დაავადებულ ადამიანებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში შედარებით დიდი ოდენობით ჰქონდათ სამი სახის ბაქტერია.

მათ, ვისაც დიდი ოდენობით ჰქონდათ გრამუარყოფითი სახეობა, სახელად Odoribacter splanchnicus-ი და მცირე ოდენობით გრამდადებითი სახეობები — Faecalibacterium prausnitzii და Bifidobacterium adolescentis-ი, უმეტეს შემთხვევაში ჰქონდათ დაავადებაც.

სისხლის ნიმუშებში მრავალი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების საპოვნელად, მკვლევართა ჯგუფმა მანქანური სწავლება გამოიყენა და ასევე აღმოაჩინა ნიშნები, რომ კავენოზული ჰემანგიომის პაციენტებში დიდად იზრდებოდა ანთებითი რეცეპტორების აქტივობა.

თუ გავითვალისწინებთ წინა კვლევათა შედეგებსაც, ძლიერ სავარაუდოა, რომ ნაწლავებში გარკვეული ტიპის ბაქტერიების ქონა ორგანიზმში აპროვოცირებს უჩვეულოდ მაღალ ანთებით პასუხს, რაც ზრდის თავის ტვინში სისხლძარღვების პათოლოგიათა განვითარების რისკს.

იმ მოვლენათა ჯაჭვის ცოდნა, რომელიც ასეთ მდგომარეობას იწვევს, წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია მის სამკურნალოდ. სამწუხაროდ, ეს ვერ იქნება ამ ყველაფერში დამნაშავე ბაქტერიათა სახეობების დახოცვა, რადგან ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის დარღვევა სხვა დამატებით პრობლემებს იწვევს.

„ეს ყველაფერი იმაზე რთულად არის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს“, — ამბობს ავადი.

რაც უფრო მეტს ვსწავლობთ ჩვენი სხეულის მიკროორგანიზმთა შესახებ, ეჭვგარეშეა, რომ მისი მკურნალობის უკეთეს გზებსაც ვიპოვით.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.