კლაუდიო პოცანი - დათო მაღრაძის დახმარებით მომეცა შესაძლებლობა, უშუალოდ მივახლებოდი ქართულ კულტურას, საქართველოს გაცნობა ჩემთვის დაფარული განძის აღმოჩენაა
კლაუდიო პოცანი - დათო მაღრაძის დახმარებით მომეცა შესაძლებლობა, უშუალოდ მივახლებოდი ქართულ კულტურას, საქართველოს გაცნობა ჩემთვის დაფარული განძის აღმოჩენაა

საქართველოს გაცნობა ჩემთვის დაფარული განძის აღმოჩენაა თავისი ანბანით, ენით, კულტურით, – აცხადებს პოეტი, პერფორმერი და პროზაიკოსი, გენუის პოეზიის საერთაშორისო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი კლაუდიო პოცანი.

მისი თქმით, ქართულ კულტურას ახლოს გაეცნო პოეტ დათო მაღრაძის დახმარებით.

„საქართველოზე საუბარი ჩემთვის ნიშნავს სიყვარულის ისტორიაზე საუბარს, იმ სიყვარულზე, რომელსაც ნუნუ გელაძეს უნდა ვუმადლოდე. სწორედ მან გამაცნო ეს ულამაზესი ქვეყანა, ეს ულამაზესი კულტურა. ასევე, გამაცნო დიდი ქართველი თანამედროვე პოეტი დათო მაღრაძე. შემდგომში უკვე დათო მაღრაძის დახმარებით მომეცა შესაძლებლობა, უშუალოდ მივახლებოდი ქართულ კულტურას, ქართულ პოეზიას. როდესაც ნუნუ გელაძის მიერ თარგმნილი ჩემი პოეტური კრებულის წარსადგენად თბილისში ჩავედი, სწორედ მაშინ დაიბადა ჩემი სიყვარული ამ ქვეყნისადმი, ქართული კულტურისადმი. ამის შემდეგ მეც, ჩემი მხრივ, შევეცადე საქართველო გენუაში ჩამომეტანა და ამით ერთგვარი კულტურული ხიდი გამება ამ ორ ქვეყანას შორის“, – აცხადებს კლაუდიო პოცანი.

მისი თქმით, გენუის ფესტივალზე პირველად დათო მაღრაძე მიიწვია, ხოლო მომდევნო წლებში, საერთაშორისო პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში, ფესტივალზე ბევრი სხვა ქართველი პოეტი იმყოფებოდა.

„საქართველოს გაცნობა ჩემთვის დაფარული განძის აღმოჩენაა თავისი ანბანით, ენით, თავისი კულტურით, საკმაოდ შორს რომ დგას იტალიური ანბანისგანაც და კულტურისგანაც, ცხადია, მაგრამ ამის მიუხედავად, რაღაც მაგიური, ნათესაური სიახლოვე მაშინვე ვიგრძენი, როგორც კი თბილისში პირველად ჩავედი, ამიტომაც მოვინდომე, რომ ჩემს ქართველ მეგობრებს, ქართველ პოეტებს იგივე ეგრძნოთ აქ, გენუაში. წელს ჩემი ფესტივალი გენუაში 29-ედ ტარდება. ეს გახლავთ ყველაზე ძველი და მასშტაბური ფესტივალი მთელ იტალიაში, თუმცა ეს არ არის მხოლოდ პოეზიის ფესტივალი, ჩვენ პოეზიასთან კავშირში წარმოვაჩენთ ხელოვნების სხვა დარგებსაც – მუსიკას, კინოს. სწორედ ამიტომაც, მომავალ წელს, როცა 30-ე, საიუბილეო ფესტივალს გავმართავთ, ჩემი ოცნებაა, ამ ფესტივალზე მოვიწვიო ქართული სახელოვნებო სფეროს საუკეთესო წარმომადგენლები, არამხოლოდ პოეტები, და ფესტივალის ფოკუსში სწორედ საქართველო მოექცეს. ვიმედოვნებ, ამით იტალიაში ჩემს მოკრძალებულ დესპანობას გავუწევ საქართველოს“, – აღნიშნავს კლაუდიო პოცანი.