კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტი როტშილდების ოჯახის წარმომადგენელმა შეიძინა
კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტი როტშილდების ოჯახის წარმომადგენელმა, ნატანიელ როტშილდმა შეიძინა. ამის შესახებ აეროპორტის პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
როტშილდების დინასტია საბანკო და საინვესტიციო საქმიანობით მე -18 საუკუნის ბოლოდან არის დაკავებული. აეროპორტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოლდოვის დედაქალაქის აეროპორტმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბატონ როტშილდზე.
ნატანიელ როტშილდი ლორდ ჯეიკობ როტშილდისა და სერენა მერი დანის ოთხი შვილიდან უმცროსი და ერთადერთი ვაჟია. მისი ქონება ჟურნალ „ფორბსის“ მიერ 2012 წელს შეფასებული იყო ერთ მილიარდ დოლარად.
2013 წელს კიშინიოვის აეროპორტის მართვა კომპანია „ავია ინვესტს“ გადაეცა. მოლდოვური მედიის ინფორმაციით, ამ კომპანიის აქციების 95 პროცენტი როტშილდების საინვესტიციო ფონდმა შეიძინა. აღსანიშნავია, რომ მოლდოვაში მრავალი წელია აეროპორტის „ავია ინვესტისთვის“ გადაცემის გამო სკანდალი გრძელდება. პროკურატურისგან აეროპორტის მართვის გადაცემისას მთავრობის წევრების მხრიდან დაშვებულ დარღვევებზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ. საუბარია სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებებზე.