კინოთეატრ „ამირანში“ გიორგი ოვაშვილის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის, „ყინვა და პატარა მოწაფის“ პრემიერა გაიმართება
4 ივნისს კინოთეატრ „ამირანში“ გიორგი ოვაშვილის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის, „ყინვა და პატარა მოწაფის“ საპრემიერო ჩვენება გაიმართება.
ფილმი კომპანია „ვაგონეტი ფილმის“ ახალი ნაწარმოებია, რომლის ჩვენება 17:00 საათზე შედგება.
„ყინვა და პატარა მოწაფე“ დიდი პროექტის ნაწილია, რომელშიც გაერთიანდება ოთხი რეჟისორის ოთხი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ოთხი სხვადასხვა ქვეყნიდან (ყირგიზეთი, ყაზახეთი, საქართველო, უკრაინა). პროექტის იდეის ავტორია ტოლონდუ ტოიჩუბაევი – ცნობილი ყირგიზი პროდიუსერი და მეცენატი, რომლის საქმიანობაც მიმართულია საგანმანათლებლო რეფორმებისკენ.
ფილმი რამდენიმე ქვეყნის, კერძოდ, საქართველოს, გერმანიის, ისრაელის, ირანის, თურქეთის, ყირგიზეთის კინემატოგრაფისტების ერთობლივი თანამშრომლობის შედეგია და მისი შექმნის იდეა ცნობილი ქართველი მწერლის, ნიკო ლომოურის ამავე სახელწოდების ლექსიდან დაიბადა. „ყინვა და პატარა მოწაფე“ ის ნაწარმოებია, რომელიც მხატვრული ფორმით მიზნის მისაღწევად გულწრფელ და დაუღალავ ბრძოლაზე ესაუბრება ახალ თაობას. ფილმში მონაწილეობენ რეჟისორის მიერ შორეულ სოფლებში აღმოჩენილი ალექსი გობაძე და მანანა ბეცეცაშვილი. ასევე მსახიობები: ელდინო საღარაძე, ქიშვარდ მანველიშვილი და ცნობილი პედიატრი თემურ მიქელაძე.
ფილმზე იმუშავა ცნობილმა ირანელმა ოპერატორმა, ტურაჯ ასლანმა. წარმოების დიზაინერია ნინო ჩაკვეტაძე, რომლის ნახატებიც ასევე გამოყენებულია ფილმში, კომპოზიტორი როი შვარცი (ისრაელი), კოსტიუმების დიზაინერია ხათუნა მაისურაძე, მონტაჟი განახორციელეს მარტინ მენზელმა (გერმანია) და არტურ ამამჩიანმა (საქართველო). ხმის მიქსი ეკუთვნის ჩენკერ კოკტენს (თურქეთი).