კინოს სახლში ფემინისტური ფილმების ფესტივალი "როზადან სიმონამდე" გაიხსნა
კინოს სახლში დღეს ფემინისტური ფილმების ფესტივალი “როზადან სიმონამდე” გაიხსნა. ფესტივალის ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად იმართება.
ქართული და უცხოური ფილმებით შედგენილი სამდღიანი პროგრამა ქალთა საკითხებს სხვადასხვა კუთხით შეეხება, ხოლო მოწვეული მომხსენებლები ფილმებში წამოჭრილ თემებს განავრცობენ და ისაუბრებენ მეამბოხე ქალებზე, დედობასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებზე, ხელოვნებაში ქალების რეპრეზენტაციაზე და ა.შ.
ფესტივალის ფარგლებში, ფილმების ჩვენებებთან ერთად გაიმართება დისკუსიები მეამბოხე ქალების რეპრეზენტაციისა და არტ-კრიტიკოსი ქალების ხელოვნების ისტორიულ კონტექსტებზე.
ფემინისტური ფილმების ფესტივალზე ნაჩვენები იქნება: რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის 1967 წელს გადაღებული ფილმი „დიდი მწვანე ველი“; ამერიკელი რეჟისორის მერი დორის 2014 წლის ფილმი სახელწოდებით „ლამაზია, როცა ბრაზობს“, ფილმი Netflix-ის მიერ 22 ენაზეა ნათარგმნი. ფილმი ამერიკული თანამედროვე ქალთა მოძრაობის შესახებ; პირველი ქართველი ქალი კინორეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის 1930 წელს გადღებული ფილმი „ბუბა“ და რეჟისორ ლინ ჰერშმან-ლისონის 2010 წლის ფილმი „ქალები ხელოვნება რევოლუცია“.
“როზადან სიმონამდე” იმართება ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) ორგანიზებით და RFSU-ს მხარდაჭერით.