კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ლევან აკინის ფილმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ცენტრი მიესალმება ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ” [შვედურ-ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია] წარდგენას ამერიკული კინოაკადემიის საერთაშორისო ფილმის კატეგორიაში მონაწილეობისთვის და თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიაში ერთვება.
„ეროვნული კინოცენტრი დააფინანსებს მთავარი როლების შემსრულებელი ორი მსახიობის – ლევან გელბახიანისა და ბაჩი ვალიშვილის მგზავრობას ლოს-ანჯელესში, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მსახიობების მონაწილეობა კამპანიაში უაღრესად წაადგება ფილმს, მით უმეტეს, რომ ლევან გელბახიანმა უკვე არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, როგორც მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელმა. ამავე დროს უნდა ითქვას ისიც, რომ ეროვნულმა კინოცენტრმა ერთხელ უკვე გაწია ხარჯი 12 500,00 ([თორმეტიათას ხუთასი] ლარის ოდენობით მიმდინარე წლის მაისში იმისათვის, რომ შემოქმედებითი ჯგუფის ექვს წევრს [ლევან გელბახიანი, ბაჩი ვალიშვილი, ქეთი დანელია, ნინო ჯინჭარაძე, ანა ჯავახიშვილი, გიორგი წერეთელი] მონაწილეობა მიეღო კანის კინოფესტივალის პროგრამაში „რეჟისორთა ორკვირეული”. კინოცენტრი წარმატებას უსურვებს ფილმს, მის ავტორებს, მთელს შემოქმედებით ჯგუფს და ამ ფილმის ყველა გულშემატკივარს. იმედს გამოვთქვამთ, რომ „და ჩვენ ვიცეკვეთ” ოსკარითა და ოქროს გლობუსით დაგვიბრუნდება“, – აღნიშნულია კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.