კილოგრამის განსაზღვრება შეიცვალა - მეცნიერებმა გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭირეს მხარი
მეცნიერებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი კილოგრამის ეტალონის ცვლილებას.
პარიზში დაცული პლატინისა და ირიდიუმის შენადნობით დამზადებული ცილინდრი, რომელსაც Le Grand K-ს უწოდებენ, ამიერიდან კილოგრამის ზუსტი განსაზღვრებისთვის აღარ გამოდგება.
წონისა და ზომის ერთეულების გენერალურ კონფერენციაზე შეკრებილმა მეცნიერებმა მხარი დაუჭირეს ახალ საზომს, რომელიც წონის ამ ერთეულს ელექტრული დენის საშუალებით განსაზღვრავს.
ვერსალის სასახლეში გამართულ კონფერენციაზე მეცნიერები მსოფლიოს 60 ქვეყნიდან შეიკრიბნენ.
გარდა კილოგრამისა, ამ ცვლილების შედეგად ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში (SI) ასევე შეიცვლება სამი სხვა საზომი ერთეული — ამპერი, კელვინი და მოლი.
ცვლილებებს ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ ვიგრძნობთ, მაგრამ წონისა და ზომის ერთეულების დარგში ეს ფაქტი ნამდვილი რევოლუციაა.
მეცნიერთა განცხადებით, ცვლილება უაღრესად მნიშვნელოვანია და საფუძველს დაუდებს მეცნიერების უფრო ზუსტ და სტაბილურ ეტაპს.
აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, 2019 წლის მაისიდან, ყველა ერთეული, რომლებსაც სხვა დანარჩენი საზომები ეფუძნება, მათ შორის მეტრი, წამი და კანდელა — დაეყრდნობა ბუნების მუდმივებს.
კილოგრამის ეტალონს (Le Grand K) და მის ექვს ოფიციალურ ასლს წონის განმსაზღვრელი საერთაშორისო სისტემა 1889 წლიდან ეყრდნობოდა.
ამიერიდან, ეს ყველაფერი დაეფუძნება პლანკის მუდმივას — მნიშვნელობას, რომელიც წონას ელექტროდენს უკავშირებს და მრავალი უპირატესობა აქვს ამჟამად გამოყენებად არქაულ მეთოდთან შედარებით.
ამჟამინდელი მეტალის ცილინდრისგან განსხვავებით, ეს მუდმივა არც თანდათან დაიშლება და არც მტვრის ნაწილაკებს მიიკრავს.
გარდა ამისა, ახალი სისტემა უკეთესი იქნება ძალიან მცირე და ძალიან დიდი მასების ასაწონად.
კილოგრამის ამჟამინდელი ეტალონი მეტალის ცილინდრი სპეციალურ სეიფში საუკუნეზე მეტი ხნის წინ მოათავსეს. მას მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში იღებდნენ, რათა სიზუსტის შესამოწმებლად, სხვა ქვეყნებში დაცული მისი ასლებისთვის შეედარებინათ.
ამიერიდან, წონის სისტემის სიზუსტის შესამოწმებლად, არც ერთ ქვეყანას აღარ დასჭირდება თავიანთ ეტალონების საფრანგეთში გაგზავნა.