მათემატიკის, ფიზიკისა და ტექნოლოგიების საგნების მასწავლებლებისთვის განათლების სამინისტრომ ცვლილება შეიმუშავა
მათემატიკის, ფიზიკისა და ტექნოლოგიების საგნების მასწავლებლებისთვის განათლების სამინისტრომ ცვლილება შეიმუშავა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, განათლების რეფორმის ფარგლებში, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილება შევიდა.

„კერძოდ, მათემატიკის, ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის (ან საგნების) მასწავლებელს, რომელსაც მინიჭებული აქვს უფროსი, წამყვანი ან მენტორის სტატუსი და დიპლომით (ან დიპლომის დანართით) უდასტურდება ზემოჩამოთვლილი საგნებიდან ერთ-ერთის გავლა, ასეთ პედაგოგს მიეცემა უფლება ასწავლონ ზემოაღნიშნული საგნიდან რომელიმე.

გარდა იმისა, რომ ამ ცვლილებით, იზრდება მასწავლებლის მოტივაცია, სამინისტროს მიერ აქცენტი კეთდება საგანთა შორის შინაარსობრივ კავშირზე, რაც ეროვნული სასწავლო გეგმის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

უწყებაში განმარტავენ, რომ რომ ანალიზის შედეგად, სკოლებში გამოიკვეთა მასწავლებლის არასაკმარისი რესურსი ფიზიკის, ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების და მათემატიკის სპეციალობების მიმართულებით. შესაბამისად, სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია ზემოაღნიშნული ცვლილების შემუშავება.

„საბოლოოდ, მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი ასწავლის შემდეგი წესით:

ა) მათემატიკის მასწავლებელი უფლებამოსილია იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი – ფიზიკა;

ბ) ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი უფლებამოსილია იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს მათემატიკა ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი – ფიზიკა;

გ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის მასწავლებელი უფლებამოსილია იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს  მათემატიკა ან/და ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები.

ხაზგასასმელია ისიც, რომ საჯარო სკოლა ვალდებულია სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები, პირველ რიგში, გაუნაწილოს და შეუვსოს სრულ დატვირთვამდე კონკრეტული საგნის უფროსი, წამყვანი ან/და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და შემდგომ საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.