კიევის პატრიარქი - რუსეთის ეკლესია უკრაინაში საეკლესიო ქონებას არ ფლობს
კიევის პატრიარქი - რუსეთის ეკლესია უკრაინაში საეკლესიო ქონებას არ ფლობს

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, კიევის საპატრიარქოს მეთაური აცხადებს, რომ რუსეთის სახელმწიფო უკრაინაში საეკლესიო ქონებას არ ფლობს, ფილარეტის თქმით, მას შემდეგ, რაც უკრაინის ერთიანი მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია შეიქმნება, კიევ-პეჩორის და პოჩაევის ლავრაც უკრაინის ეკლესიის მფლობელობაში გადავა.

„საქმე იმაშია,რომ მოსკოვის პატრიარქი უკრაინაში ქონებას არ ფლობს. აი, მაგალითად კიევ-პეჩორის ლავრა, პოჩაევის ლავრა – ეს ვისი ქონება გგონიათ? ეს არის უკრაინის სახელმწიფო ქონება. სწორედ სახელმწიფომ გადასცა ეს ლავრები მოსკოვის საპატრიარქოს მფლობელობაში. მაგრამ როდესაც უკრაინის ეკლესია აღიარებული იქნება, ეს ლავრები უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცემა“,- განაცხადა ფილარეტმა ტელეარხ „პრამოისთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, უკრაინელი მრევლის ხარჯზე აგებული ტაძრები მრევლს ეკუთვნის და არა რუსეთს.

შეგახსენებთ, 2018 წლის აპრილში უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მსოფლიო პატრიარქს მიმართა თხოვნით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე.

ანალოგიური თხოვნით ბართლომეს მიმართეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს მეთაურმა ფილარეტმა და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა, მაკარიმაც. აღნიშნულ წინადადებას მხარი დაუჭირა უკრაინის უმაღლესმა რადამ.

რამდენიმე დღის წინ უკრაინაში ქრისტიანობის მიღების 1030 წლის იუბილე აღინიშნა. ცერემონიალს დაესწრო უკრაინის ლიდერი. უკრაინული მედიის ცნობით, პოროშენკოს გადასცეს მსოფლიო პატრიარქის წერილი, რომელშიც ბართლომე უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის გადაცემის შესახებ საუბრობს.

სტამბოლში 1-3 სექტემბერს გაიმართება სინაქსისი – კონსტანტინოპოლის მართლმადიდებლი ეკლესიის უმაღლესი პირების შეკრება, რომელსაც მსოფლიო პატრიარქი უხელმძღვანელებს. სხვადასხვა ექსპერტის ცნობით, სწორედ ამ დროს, დიდი ალბათობით განხილული იქნება, უკრაინის და მაკედონიის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი.

ამასთან, საეკლესიო წრეებში ვარაუდოებენ, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება ფორმალურად 10 სექტემბერს მოხდება.