ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ ჟურნალისტებთან მადრიდის „რეალსა“ და „მანჩესტერ სიტიში“ არშემდგარ ტრანსფერებზე ისაუბრა. მისი თქმით, „ბებერი ქალბატონიდან“ წასვლასთან ორჯერ იყო ახლოს, თუმცა ორივე შემთხვევაში გარიგება ჩაიშალა.
„ორჯერ ვიყავი ახლოს იმასთან, რომ „იუვენტუსიდან“ წავსულიყავი: 2010 და 2011 წლებში. პირველად ეს მადრიდის „რეალი“ იყო, მეორედ კი „მანჩესტერ სიტი“. ჩემი აგენტი უკვე ელაპარაკებოდა მადრიდელებს, მაგრამ გუნდში სწორედ მაშინ მივიდა ჟოზე მოურინიო და რიკარდო კარვალიოს შეძენა ამჯობინა. „იუვენტუსში“ ძალიან გაუხარდათ, ჩემი შენარჩუნება რომ შეძლეს. ამის შემდეგ ერთი წელი გავიდა და „მანჩესტერ სიტის“ წარმომადგენლებს შევხვდი, თუმცა არც ამ საქმიდან გამოვიდა რამე“, – მოჰყავს კიელინის სიტყვები „ფუტბოლ იტალიას“.
შეგახსენებთ, რომ კიელინი „იუვენტუსში“ 2005 წლიდან თამაშობს. ტურინულ გუნდში მან 509 მატჩი ჩაატარა, 36 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა.