„გამოჩენილ უკრაინელ მოჭიდავეთა და მწვრთნელთა მეომორიალზე“ წარმატებით ასპარეზობას განაგრძობენ ქართველი ფალავნები. ტურნირის პირველ დღეს გამოვლენილ ოთხ ფინალისტს დღეს კიდევ სამი შეუერთდა. კიევის საერთაშორისო ტურნირის მეორე დღეს ორივე სტილით ჭიდაობაში, ფინალისტები დარჩენილ ხუთ-ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთაგან ტურნირის დასკვნით დღეს ოქროს მედლისთვის ლევან ქავჟარაძე ( 67 კგ ) იბრძოლებს. რაც შეეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს, გიორგი იანტბელიძის შეგირდებიდან ხვალ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლას ბექა ლომთაძე (61 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125კგ) შეეცდებიან.
მათ გარდა, ხვალ ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთაგან დავით ჩხარტიშვილსა (60 კგ ) და იაკობ ქაჯაიას (130კგ), ხოლო იანტბელიძის გუნდიდან რამაზან მალაკოევს (70კგ), ზურაბ იაკობაშვილს (70კგ), იაკობ მაქარაშვილს (79კგ), ჯუმბერ ყველაშვილს (79კგ), დავით მარსაგიშვილსა (92კგ) და გიორგი მეშველდიანს (125კგ) აქვთ.
ამ წონითი კატეგორიის ფალავნებს გადამწყვეტი შეხვედრების ჩატარება ხვალ მოუწევთ.
კიევურ ხალიჩაზე დღეს სულ 16 ქართველი მოჭიდავე გავიდა. მათგან რევაზიშვილი (61კგ), ხაბალაშვილი (70კგ), მწითური (92კგ) (სამივე თავისუფალი ჭიდაობა), ძამაშვილი (77კგ) და ქობლიაშვილი (87 კგ) (ორივე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა), მედლებისთვის ბრძოლას საწყის ეტაპებზევე გამოეთიშნენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს კიევის საერთაშორისო ტურნირის ფინალურ შეხვედრებს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთაგან ნუგზარ წურწუმია (55კგ), შმაგი ბოლქვაძე ( 72 კგ) და ზურაბ დათუნაშვილი ( 82 კგ ) გამართავენ. კუკური კირცხალია ( 97 კგ ) კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
რაც შეეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, აქ ფინალურ ორთაბრძოლას თეიმურაზ ვანიშვილი (57 კგ) გამართავს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ( 65 კგ) კი ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება.