ოთხი ოქროს შანსი კიევიდან – საერთაშორისო ტურნირის პირველი დღე

00:46, 24.02.2018

კიევის საერთაშორისო ტურნირზე, სადაც 37 ქვეყნის წარმომადგენელი მოჭიდავეები შეიკრიბნენ, პირველ დღეს, როგორც ბერძნულ-რომაულ, ასევე თავისუფალ სტილში, ხუთ-ხუთი წონითი კატეგორიის ფინალისტები გამოვლინდნენ. საბოლოოდ, ხალიჩაზე გასული 11 ქართველიდან სამი ფინალშია, ერთი კი ჩემპიონობისთვის ბრძოლას წრიული სისტემით აგრძელებს.

თავისუფალი სტილით ჭიდაობა

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან დღეს გიორგი იანტბელიძეს სპორტსმენები ხუთიდან სამ წონით კატეგორიაში ჰყავდა.

57 კილოგრამში ორი ქართველი – ოთარ გოგავა და თეიმურაზ ვანიაშვილი ასპარეზობდნენ. პირველი მათგანი ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას საკვალიფიკაციო რაუნდშივე გამოეთიშა. კენჭისყრამ მეტოქედ გოგავას აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ტიტულოვანი ქართველი – გიორგი ედიშერაშვილი არგუნა. ორგზის ევროპის ჩემპიონმა (ერთხელ საქართველოსა და ერთხელ აზერბაიჯანის სახელით) ედიშერაშვილმა, საბოლოოდ, ოთარ გოგავა 4-3 დაამარცხა. ედიშერაშვილმა ტურნირზე გამოსვლა ამის შემდეგაც წარმატებით გააგრძელა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე თეიმურაზ ვანიშვილი იქნება. შესაბამისად, გოგავა რეპეშაჟში გადაერთო. იმისათვის, რომ მან ბრინჯაოს მედლისთვის ამერიკელ – ჯოე როდრიგეზთან იჭიდავოს, ჯერ აზერბაიჯანელ აფგან ხასალოვს, ხოლო შემდეგ ბელორუს ულადისლაუ ანდრეიუს უნდა მოუგოს.

რაც შეეხება თეიმურაზ ვანიაშვილის მიერ ფინალამდე განვლილ გზას, ის ასპარეზობაში პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც ფრანგ ზოიერ ელ – ოურაქს 4-0 მოუგო.

https://www.facebook.com/GeoWrestlingOfficial/videos/1829668617064165/

 

მეოთხედფინალში გორელმა ფალავანმა უკრაინის წარმომადგენელ არმენ არაკელიანს მინიმალური სხვაობით 2-1 სძლია.

https://www.facebook.com/GeoWrestlingOfficial/videos/1829818413715852/

 

რაც შეეხება ნახევარფინალს, აქ მან უკრაინელი ვალენტინ ბლიასეცკი აშკარა უპირატესობით 10-0 ვადამდე დაამარცხა.

65 კილოგრამ წონით კატეგორიაში, თავის პირველ საერთაშორისო ტურნირს ჭიდაობს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და როგორც ჩანს, ჯერ წონასთან ადაპტირების პროცესი აქვს. ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა პირველ წრეში დაისვენა, მერვედფინალში კი საფრანგეთის წარმომადგენელ ილმარ მუხტაროვს 5-4 სძლია.

https://www.facebook.com/GeoWrestlingOfficial/videos/1829716233726070/

 

იგივე ანგარიშით მოიგო ლადომ მეოთხედფინალშიც, სადაც მისი მეტოქე ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების წევრი ბიჯი ფუტრელი იყო. ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში კი გორელ ფალავანს მეტოქედ პოლონეთის სახელით მოასპარეზე მოგამედმურად გაჯიევი ერგო.

https://www.facebook.com/GeoWrestlingOfficial/videos/1829829143714779/

 

ლადომ შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით 2-3 დათმო და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს, სადაც მისი მეტოქე მასპინძელი გორ ოგანესიანისა და ამერიკელი ევენ ჰენდერსონის შეხვედრაში გაირკვევა.

ამავე წონაში ედემი ბოლქვაძემ მერვედფინალში 1-1 დაასრულა ირანელ პეიმან ბაიბანთან შეხვედრა, რომელშიც მომგებიანი ქართველი მოჭიდავის ქულა გამოდგა. მეოთხედფინალში კი იანის მაქსიმოთან დამარცხდა და, საბოლოოდ, კვარცხლბეკისკენ გზა ვეღარ გააგრძელა.

მესამე წონითი კატეგორია, რომელშიც დღეს ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ასპარეზობდნენ, 86 კილოგრამი იყო. აქ ორივე ჩვენებური – სანდრო ამინაშვილი და დავით ხუციშვილი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო. პირველმა მათგანმა თავიდან მასპინძელი მარაზ ჯაფარიანი მარტივად 6-1 დაამარცხა.

https://www.facebook.com/GeoWrestlingOfficial/videos/1829520100412350/

 

მერვედფინალში ამინაშვილის მეტოქე პოლონელი სებასტიან იეზერზანსკი იყო. ორთაბრძოლა 4-4 დასრულდა, ეს ანგარიში კი ხელს ქართველ სპორტსმენს აძლევდა.

https://www.facebook.com/GeoWrestlingOfficial/videos/1829632047067822/

 

სამწუხაროდ, სანდროს წარმატებული სვლა მეოთხედფინალში დასრულდა, სადაც უკრაინის სახელით მოასპარეზე ილია არჩაიასთან 2-4 წააგო.

საკვალიფიკაციო ეტაპზე, ყაზახ – საკენ აიტხაზოვთან 9-4 გამარჯვებით დაიწყო თავისი გამოსვლა დავით ხუციშვილმა. მერვედფინალში კი იტალიის სახელით მოასპარეზე დაღესტნელ – შამილ კუდიამაგომედოვთან 1-4 დამარცხდა.

https://www.facebook.com/GeoWrestlingOfficial/videos/1829523103745383/

 

საბოლოოდ, ამ წონაში ქართველების მომგები სპორტსმენები ფინალამდე ვერ მივიდნენ და შესაბამისად, ამინაშვილმაც და ხუციშვილმაც ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსიც დაკარგეს.

დღეს გამართული კიდევ ორ წონითი კატეგორიაში (74 და 97) საქართველოს წარმომადგენლები არ ჰყოლია.

 

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა

რაც შეეხება ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობას, აქ დღეს მოასპარეზე ექვსი ქართველიდან სამი ოქროს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს.

ორგანიზატორებს უჩვეულო გადაწყვეტილების მიღებამ მოუწიათ 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც ნუგზარ წურწუმია ასპარეზობს. იმის გამო, რომ ამ წონაში მხოლოდ ექვსი სპორტსმენი შეიკრიბა, მედლებისთვის ბრძოლა წრიული სისტემით მიმდინარეობს და ერთმანეთთან დაპირისპირება ექვსივე სპორტსმენს მოუწევს. პირველ შეხვედრაში წურწუმიამ მასპინძელთა ფალავანი – სერგეი ძიუბა 4-0 დაამარცხა.

https://www.facebook.com/GeoWrestlingOfficial/videos/1829702133727480/

 

მეორე მეტოქედ წურწუმიას აზერბაიჯანელი ელდანიზ აზიზლი ერგო და 2-10 დამარცხდა. შემდეგ კი 5-4 სომხეთის ნაკრების წევრ ნორიან ნახოიანს მოუგო და ორი გამარჯვებითა და ერთი მარცხით ოქროს მედლის მოპოვების რეალურ შანსს ინარჩუნებს. დარჩენილ ორ ორთაბრძოლას ნუგზარი ხვალ გამართავს.

63 კილოგრამ წონით კატეგორიაში საკვალიფიკაციო ეტაპზე დავკარგეთ მედლებისთვის ბრძოლის შანსი. ფირუზ წულუკიძე ირანელ მეისამ დალხანისთან 2-5 დამარცხდა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთაგან ორი სპორტსმენი საქართველოს დღეს მხოლოდ 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჰყავდა. ორივე მათგანმა ასპარეზობა პირდაპირ მეოთხედფინალიდან დაიწყო, სადაც იური ლომაძე ირანელ ფარშად ბელფაკეჰთან მინიმალური სხვაობით 4-5 დამარცხდა.

საბოლოოდ, ირანელმა ფინალამდე ვერ გააღწია და ლომაძესაც რეპეშაჟში გადართვის შანსი დააკარგვინა.

რაც შეეხება რიოს ოლიმპიური თამაშების პრიზიორ შმაგი ბოლქვაძეს, მან ამ ეტაპზე 2-0 ბელორუს იური კანკოუს მოუგო. ნახევარფინალში ბოლქვაძეს მეტოქედ მასპინძელი არტურ პოლიტაევი ერგო. შმაგიმ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და 6-0 დაამარცხა. ფინალში მისი მეტოქე კიდევ ერთი უკრაინელი დმიტრო პიტროვი იქნება.

https://www.facebook.com/GeoWrestlingOfficial/videos/1829769413720752/

 

აშკარა უპირატესობით ვადამდე დაასრულა მერვედფინალური დაპირისპირება 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტიტულოვანმა ქართველმა ფალავანმა ზურაბ დათუნაშვილმა. მან 8-0 უკრაინელი გერმინ იევჰენი დაამარცხა.

https://www.facebook.com/GeoWrestlingOfficial/videos/1829647127066314/

 

მეოთხედფინალში ევროპის ორგზის ჩემპიონმა დათუნაშვილმა, ასევე წარმატებით გაართვა თავი აზერბაიჯანელ ერვინ მურსალიევთან ორთაბრძოლას. ეს შეხვედრა ზურამ 2-1 მოიგო.

https://www.facebook.com/GeoWrestlingOfficial/videos/1829802903717403/

 

ნახევარფინალში დათუნაშვილის მეტოქე სომეხი ედუარდ სარგისიანი იყო. საბოლოოდ, ზურამ კიდევ ერთი გამარჯვება, ამჯერად ანგარიშით 6-0 მიითვალა და ხვალ ოქროს მედლისთვის აზერბაიჯანელ რაჰიმ ჰუსეინოვს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება 97 კილოგრამ წონით კატეგორიას, აქ კუკური კირცხალიამ ოლიმპიურ ჩემპიონს სომეხ არტურ ალექსანიანთან 0-8 წააგო. ალექსანიანი, საბოლოოდ, ფინალშიც გავიდა და კირცხალიას ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი დაუტოვა. თუმცა ამისთვის მას ჯერ პოლონელი მარსელ კასპერეკის, შემდეგ კი უკრაინელი ევგენი სავეტას დამარცხება მოუწევს.

„შესანიშნავ უკრაინელ მოჭიდავეთა და მწვრთნელთა მემორიალი“ ხვალ გაგრძელდება. ტურნირში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან ბექა ლომთაძე, გიორგი რევაზიშვილი (61) ზურაბ იაკობაშვილი, კოტე ხაბალაშვილი, რამაზ მალაკოევი (70), იაკობ მაქარაშვილი, ჯაბა ყველაშვილი (79), ირაკლი მწითური, დავით მარსაგიშვილი (92), და მძიმეწონოსნები – გენო პეტრიაშვილი და გიორგი მეშვილდიშვილი ჩაერთვებიან.

რაც შეეხებათ კლასიკოსებს, აქ ხალიჩაზე დავით ჩხარტიშვილი (60), ლევან ქავჟარაძე (67), თორნიკე ძამაშვილი (77), რობერტ ქობლიაშვილი (97) და იაკობ ქაჯაია (130) გავლენ. ამ წონით წონით კატეგორიებში წინასწარი ეტაპები დილით გაიმართება. საღამოს კი ჯერ დღევანდელი წონების რეპეშაჟები შედგება, შემდეგ კი ჩემპიონ პრიზიორები გამოვლინდებიან.

მსგავსი