კიბოთი დაავადებული პაციენტის კვერცხუჯრედი ლაბორატორიაში გაყინეს და მოამწიფეს, განკურნების შემდეგ კი ქალმა მისგან ბავშვი გააჩინა — პირველად მსოფლიოში
პირველად მსოფლიოში, კიბოს მკურნალობის შედეგად უნაყოფოდ ქცეულმა ქალმა ბავშვი მას შემდეგ გააჩინა, რაც მისი მოუმწიფებელი კვერცხუჯრედი მოამწიფეს, გაყინეს, ხუთი წლის შემდეგ გაადნეს და ლაბორატორიაში გაანაყოფიერეს. ამის შესახებ ფრანგი მეცნიერები იუწყებიან.
ჟურნალ Annals of Oncology-ში გამოქვეყნებული კვლევა აღწერს, როგორ გააჩინა ვაჟი 34 წლის ფრანგმა ქალმა, რომელიც ძუძუს კიბოზე ქიმიოთერაპიით იმკურნალა.
მკურნალობის დაწყების წინ, ექიმებმა მას საკვერცხედან შვიდი მოუმწიფებელი კვერცხუჯრედი ამოუღეს, შემდეგ კი ლაბორატორიაში ინ-ვიტრო დამწიფების (IVM) მეთოდი გამოიყენეს, რაც კვერცხუჯრედს შემდგომი განვითარების საშუალებას აძლევს.
აღსანიშნავია, რომ ამ მეთოდით მომწიფებული და გაყინული კვერცხუჯრედით კიბოს პაციენტებში წარმატებული ორსულობა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.
თუმცა, რამდენიმე ბავშვი დაიბადა ინ-ვიტრო დამწიფების შემდეგ კვერცხუჯრედის დაუყოვნებლივ განაყოფიერებისა და პაციენტში გადანერგვის შედეგად.
საფრანგეთის ანტონი ბეკლერის უნივერსიტეტის საავადმყოფოს რეპროდუქციული მედიცინისა და ნაყოფიერების შენარჩუნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიკაელ გრინბერგი 29 წლის პაციენტის შემთხვევას აღწერს.
„მე მას შევთავაზე კვერცხუჯრედისა გაყინვა ინ-ვიტრო დამწიფების შემდეგ, ასევე ვთავაზობდი საკვერცხის ქსოვილის გაყინვას“, — ამბობს იგი.
საკვერცხის ქსოვილის გაყინვა პაციენტმა უარყო, რადგან კიბოს დიაგნოზი ახალი დასმული ჰქონდა და საკმაოდ გაღიზიანებული იყო.
საკვერცხის ქსოვილის ე. წ. კრიოპრეზერვაცია ექსპერიმენტული მეთოდია, რომელშიც დაუმწიფებელი კვერცხუჯრედების შემცველ საკვერცხის გარე ნაწილს ორგანიზმიდან იღებენ და შემდგომი გამოყენების მიზნით ყინავენ.
ფრანგი პაციენტის შემთხვევაში, ულტრაბგერამ დაადგინა, რომ მის ორგანიზმში იყო 17 პატარა, სითხით სავსე პარკი, რომლებიც მოუმწიფებელ კვერცხუჯრედებს შეიცავდა.
ჰორმონების გამოყენებით საკვერცხეების სტმულირება კვერცხუჯრედების დასამწიფებლად, ძალიან დიდ დროს წაიღებდა და შეიძლება, კიბოს მდგომარეობაც გაეუარესებინა; ერთადერთ გამოსავლად რჩებოდა მოუმწიფებელი კვერცხუჯრედების აღება და გაყინვა.
„გაყინვით, სტიმულაციის გარეშე პრეზერვაციის მეთოდი არც ისე კარგად მუშაობს, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა არჩევანი არ გვქონდა“, — ამბობს გრინბერგი.
ხუთი წლის შემდეგ, პაციენტი ძუძუს კიბოსგან განიკურნა, მაგრამ დაკარგა ბუნებრივად დაფეხმძიმების უნარი. ქიმიოთერაპიამ ის უნაყოფოდ გახადა.
40 წელს გადაცილებულ კიბოს პაციენტ ქალთა 40 პროცენტი მკურნალობის შემდეგ პირდაპირ მენოპაუზის სტადიაში გადადის. 30 წლის ასაკში ამის მაჩვენებელი 15-20 პროცენტია.
ხუთი წლით ადრე გაყინული შვიდი კვერცხუჯრედიდან გადნობის პროცესში ექვსი გადარჩა, ხუთი კი წარმატებით განაყოფიერდა.
ერთ-ერთი განაყოფიერებული კვერცხუჯრედი პაციენტის საშვილოსნოში გადანერგეს; 2019 წლის 6 ივლისს მან სრულიად ჯანმრთელი ბიჭი, სახელად ჟიული შობა.
„დავამტკიცეთ, რომ მართალია, გაუმჯობესებას ექვემდებარება, მაგრამ ეს მეთოდი ასეთ სიტუაციაში მყოფ ქალებს ბავშვის გაჩენის საშუალებას აძლევს“, — ამბობს გრინბერგი.
ექსპერტები, რომლებიც ამ პროცედურაში ჩართული არ ყოფილან, მას ნამდვილ მიღწევას უწოდებენ.
„საკვერცხიდან ამოღებული კვერცხუჯრედების წარმატებით დამწიფება ნამდვილი გამოწვევა იყო, შესაბამისად, ეს ძალიან მისასალმებელი პოზიტიური ნაბიჯია“, — ამბობს ედინბურგის უნივერსიტეტის რეპროდუქციული ჯანმრთელობის მეანობისა და გინეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი რიჩარდ ანდერსონი.
მისივე თქმით, ეს მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კიბოს პაციენტთათვის, არამედ გაცილებით მარტივს ხდის ინ-ვიტრო განაყოფიერებასაც.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.