კიბოს საწინააღმდეგო თვისებების გარდა, ბროკოლის კიდევ ერთი უდიდესი სარგებელი აღმოაჩნდა — #1tvმეცნიერება
ქიმიურმა ნაერთმა, რომელიც ბროკოლიში ბუნებრივად გვხვდება, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ინსულტის გამომწვევი სისხლის თრომბებისგან დაგვიცვას — ამჟამად მსოფლიოში სიკვდილიანობის მეორე მთავარი მიზეზისგან.
სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ტესტირების მთელი სერია ჩაუტარა მცენარეებში არსებულ 23 სხვადასხვა ნაერთს, რათა დაედგინათ მათი მიდრეკილება ჩვენი სისხლის თრომბოციტების შეკავშირებისადმი.
თრომბოციტები კრიტიკულ როლს ასრულებენ ჭრილობების შეკვრაში, რათა სისხლდენა შეწყდეს. მაგრამ გარკვეულ გარემოებებში შეიძლება ასევე წარმოქმნას სახიფათო თრომბები, რომლებიც სისხლის მიმოქცევას მთლიანად ბლოკავენ. სიცოცხლისთვის გადამწყვეტ ქსოვილებში, მაგალითად თავის ტვინსა და გულში, ჟანგბადის დაკარგვის ყოველი წამი გამოუსწორებელ ზიანს ნიშნავს.
ქიმიურმა ნაერთმა, რომელიც ჯვაროსნების ოჯახის ბოსტნეულში გვხვდება, მაგალითად, ბროკოლიში, ყვავილოვან კომბოსტოში და ბროკოლის ყლორტებში, ანტიკოაგულაციური (შედედების საწინააღმდეგო) პოტენციალი აჩვენა. ამ ნაერთს სულფორაფანი (SFN) ეწოდება და წარსულში უკვე მიიქცია მეცნიერთა ყურადღება კიბოს პრევენციისა და ქოლესტერინის დონის შემცირების პოტენციალით.
მოლეკულურ დონეზე სულფორაფანის ზემოქმედების დეტალურმა ანალიზმა ცხადყო, რომ მას თრომბების შეჯგუფების შენელება შეუძლია; ამავე დროს, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას იმავე გარემოში, რაც ჩვენს არტერიებშია. ამას ის აშკარად ახერხებს ცილის, სახელად PDIA6-ის მოდიფიცირების გზით.
„ბროკოლის ეს ნაერთი არა მხოლოდ ეფექტიანია ინსულტის შემდეგ მკურნალობისას თრომბის დამშლელი მედიკამენტების მოქმედების გაუმჯობესებაში, არამედ შესაძლებელია საპრევენციო აგენტად გამოყენება ინსულტის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში“, — ამბობს სიდნეის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო მეცნიერი სუიუ ლიუ.
კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ სულფორაფანი, როგორც ინსულტის რისკის შემცირების გზა მისადმი ყველაზე მოწყვლად ჯგუფებში — ნამდვილად ღირს კვლევებისთვის. განსაკუთრებით გასათვალისწინებელი ისაა, რომ ის ბუნებრივად გვხვდება საკვებში, მათ შორის ბროკოლიში, რომელიც ისედაც კარგია გულის ჯანმრთელობისთვის.
სულფორაფანის გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს გადაუდებელ შემთხვევებშიც — ინსულტის მქონე პაციენტებში, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ტვინზე ზემოქმედება. მკურნალობის ასეთმა საშუალებამ შეიძლება მრავალი სიცოცხლე გადაარჩინოს.
თრომბის დამშლელი საშუალება, რომელიც მედიცინაში ამჟამად გამოიყენება, სახელად ქსოვილის ტიპის პლაზმინოგენური აქტივატორი (tPA), ტვინს დაზიანებისგან შემთხვევათა მხოლოდ 20 პროცენტში იცავს. თაგვებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში, როდესაც სულფორაფანი მკვლევრებმა tPA-სთან კომბინაციაში გამოიყენეს, წარმატების მაჩვენებელი 60 პროცენტამდე გაიზარდა.
„საინტერესოა, რომ ამ ბუნებრივმა ნაერთმა სისხლდენის არანაირი ნიშნები არ გამოიწვია, რაც სისხლის გამათხელებელი სამკურნალო საშუალებების საკმაოდ გავრცელებული გვერდითი ეფექტია“, — ამბობს ლიუ.
კვლევა ჯერ ადრეულ ეტაპზეა და ადამიანებზე ჯერ არ დატესტილა. მეცნიერებმა დაზუსტებით არ იციან, საკმარისი იქნება თუ არა ინსულტის რისკის შესამცირებლად მხოლოდ ბროკოლით მდიდარი კვების რაციონი. თუმცა, ეს საკითხი ნამდვილად ღირს სამომავლო კვლევებისთვის.
ფაქტი კი ის არის, რომ ინსულტი მსოფლიოში წელიწადში დაახლოებით 15 მილიონ ადამიანს ემართება, საიდანაც თითქმის მესამედი შემთხვევა ფატალურად სრულდება, მესამედს კი სამუდამოდ რჩება გარკვეული სახის უნარშეზღუდულობა.
„ძლიერ გახარებული ვართ, რომ გამოვყავით ბუნებრივი ნაერთი, რომელსაც შეიძლება უზარმაზარი სასარგებლო ეფექტები ჰქონდეს. ამ მიმართულებით კვლევებს გავაგრძელებთ“, – ამბობს სიდნეის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო მეცნიერი სუიუ ლიუ.
კვლევა ACS Central Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.