საქართველოს 18 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე ეწვევა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ხვალ, 18 დეკემბერს საქართველოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე ეწვევა.
„ხვალ ჯანდაცვის სექტორითვის მნიშვნელოვანი სტუმარი გვეწვევა, კერძოდ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორი ჰანს კლუგე, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, კლუგეს ვიზიტი საქართველოში ხუთ დღეს გაგრძელდება.
„მას ექნება ხუთდღიანი ვიზიტი. რა თქმა უნდა, ვიზიტი მნიშვნელოვანია როგორც წინა პერიოდის შეფასების, ასევე მასთან შეთანხმებული იქნება ყველა სტრატეგია, რომელიც გადაიდგმება არა მხოლოდ კოვიდპანდემიის მართვის კუთხით, არამედ საუბარი გვექნება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ყველა დაგეგმილ რეფორმაზე.
ასევე, მასთან ერთად საქართველოში ვიზიტით იქნება ქალბატონი ნინო ბერძნული, ჩვენი თანამემამულე, რომელთანაც ასევე გაიმართება ინტენსიური კონსულტაციები ყველა იმ რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის, პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით და ჩვენი ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით არის დაგეგმილი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.