ხულოში თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს გადააჭარბა, ხოლო გოდერძის უღელტეხილზე მეტრს.
მაღალმთიანი აჭარის 12 სკოლაში სასწავლო პროცესი მოსწვლეების გამოუცხადებლობის გამო შეწყდა. ამის შესახებ აჭარის განათლების სამინისტროში განაცხადეს.
უწყების ცნობით, მოსწავლეები არ გამოცხადდნენ ხულოს რვა, შუახევში სამ და ქედის ერთ საჯარო სკოლაში.
განათლების სამინისტრო მოსწავლეების სკოლებში გამოუცხადებლობას უამინდობას უკავშირებს.
მაღალმთიან აჭარაში ტრანსპორტის გადაადგილებაც შეზღუდულია.
ხულოს მერის გოჩა მელაძის განცხადებით, ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდა. მისივე თქმით, ელექტროენერგია რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება და დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა მიმდინარეობს. მელაძე ვარაუდობს, რომ სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება დღის მეორე ნახევრიდან აღუდგებათ.