ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო მორიგ საპროტესტო აქციას 4 მარტს გეგმავს. ხუან გუაიდომ მოსახლეობას სოციალურ ქსელ „ტვიტერით“ მოუწოდა, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გამოსვლები ადგილობრივი დროით დილის 11:00 საათიდან დაიწყონ.
გუაიდოს თქმით, რეგიონული ტურნეს შემდეგ სამშობლოში ბრუნდება.
პარალელურად, ვენესუელის ვარგასის შტატის გუბერნატორმა, ხოსე ლუის გარსია კარნეირომ განაცხადა, რომ თუ ხუან გუაიდო საზღვრის გადაკვეთას შეეცდება, სამართალდამცველები მას დააკავებენ. გუბერნატორის თქმით, უზენაესმა სასამართლომ გუაიდოს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა, თუმცა მან ეს დადგენილება დაარღვია.
ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები 22 იანვარს, ნიკლას მადუროს მეორე ვადით ინაუგურაციის შემდეგ დაიწყო. საერთაშორისო საზოგადოების დიდმა ნაწილმა ნიკოლას მადუროს ინაუგურაცია არალეგიტიმურად ცნო. დემონსტრაციების დაწყებიდან მალევე ვენესუელის ნაციონალური ასამბლეის თავმჯდომარემ ხუან გუაიდომ საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ოფიციალურად აღიარეს აშშ-მა, ევროკავშირის წევრთა უმრავლესობამ, კანადამ, ავსტრალიამ, ლათინური ქვეყნების ნაწილმა და საქართველომ. ნიკოლას მადუროს მხარდამჭერებს შორის არიან რუსეთი, ჩინეთი და თურქეთი.