ხუან გუაიდო იტალიის მმართველი კოალიციის ლიდერებს სთხოვს, მის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო იტალიის მმართველი კოალიციის ლიდერებს სთხოვს, მის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, იტალია ევროკავშირის ერთადერთი მსხვილი სახელმწიფოა, რომელმაც გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად არ აღიარა.
მმართველ კოალიციაში შემავალმა „ლიგამ“ გუაიდოს მხარდაჭერა გამოუცხადა, თუმცა მისმა კოალიციურმა პარტნიორმა მოძრაობამ „ხუთი ვარსკვლავი“ უარი განაცხადა.
„ლიგას“ ლიდერის, ვიცე-პრემიერ მატეო სალვინის მიერ გავრცელებული წერილის თანახმად, გუაიდო იტალიის მმართველ კოალიციას მიმართავს კითხვით, შეუძლია თუ არა მას იტალიაში გაგზავნოს დელეგაცია, რომელიც ვენესუელაში სამართლიანი არჩევნების გზით დემოკრატიის განახლების გეგმას წარადგენს.
„ამჟამინდელი ჰუმანიტარული კრიზისი აზარალებს ყველა ვენესუელელს, მათ შორის ვენესუელაში მცხოვრებ 100 ათასზე მეტ იტალიელს“, – ნათქვამია ხუან გუაიდოს მიერ მატეო სალვინისადმი მიწერილ წერილში.
გავრცელებული ცნობით, ანალოგიური წერილი მიიღო მოძრაობა „ხუთი ვარსკვლავის“ ლიდერმა ლუიჯი დი მაიომ. სალვინის ოფისის ცნობით, გუაიდოს წარმომადგენლებთან შეხვედრა 11 თებერვალს შედგება.
ევროკავშირის 20-მდე ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმა ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა.