ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს სჭირდებათ ევროპის მხარდაჭერა და მკაფიო სიგნალი, რომ მათ ჩვენი მხარდაჭერა აქვთ
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს სჭირდებათ ევროპის მხარდაჭერა და მკაფიო სიგნალი, რომ მათ ჩვენი მხარდაჭერა აქვთ, – ამის შესახებ ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გორდან გრლიჩ-რადმანმა განაცხადა.
ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაცია „აუცილებლად მიიჩნევს, გაუქმდეს ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება“.
„ამ საკითხსაც განვიხილავთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ დიალოგის შენარჩუნებას. დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველვყოთ სტაბილური მსოფლიო წესრიგი და ეს ჩვენი, ყველა პოლიტიკური ლიდერის პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნა გორდან გრლიჩ-რადმანმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე.
მინისტრ რადმანის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს სჭირდებათ ევროპის მხარდაჭერა.
„გვინდა, გავუგზავნოთ ევროპული მესიჯი დემოკრატიის, ევროპული ღირებულებების მხარდასაჭერად, ასევე, მათი მისწრაფების, რომ იყვნენ ჩვენი საზოგადოების ნაწილი. რა თქმა უნდა, მშვიდობა და სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რადმანმა.
შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 10 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას უპასუხა. „მიუღებელია მესამე მხარის, რუსეთის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვაზე ნებისმიერი განცხადება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.