ხორვატიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოში დამზადებული ფორმებით თამაშობს. ეს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოდან გახდა ცნობილი.
ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასულმა იტალიის ნაკრებმა 2012 წელს „პუმას” მაისურებით ითამაშა – უმრავლესობამ მხოლოდ ახლა შეიტყო, რომ ეს ფორმები ქობულეთის რაიონის სოფელ ბობოყვათში იყო შეკერილი 2008 წელს დაარსებული კომპანიაში, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ნაკრებებს და გუნდებს ამარაგებდა.
კომპანია „აჭარატექსტილი” სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით შეიქმნა და ქალის, მამაკაცისა და ბავშვის სპორტულ ტანსაცმელს აწარმოებს. კომპანია ისეთ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორიცაა „ნაიკი”, „პუმა”, „ლოტო”, „ენიმა“.
ქართულ ფაბრიკაში შეკერილი ფორმებით თამაშობს არა მხოლოდ ხორვატიის ნაკრები. სია საკმაოდ სოლიდურია – ავსტრიის, ბულგარეთის, ჩეხეთის, ურუგვაის, ახალი ზელანდიის, კამერუნის, სენეგალის, მაროკოს, ტუნისის, გვინეის, ბაჰამის კუნძულებისა და საუდის არაბეთის ნაკრებები; ასევე, საფეხბურთო კლუბები – „დორტმუნდი”, „შტუტგარტი“, „ტოტენჰემი”, „ლაციო“, „მონაკო”, „ბრიუგე”, „ოლიმპიაკოსი”, „ფეიენოორდი“, „სპორტინგი“….