ხორბლის იმპორტიორი კომპანიების ხელმძღვანელებმა მთავრობის კანცელარიაში ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანეს. ისინი ფინანსთა მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ქვეყანაში ხორბლის იმპორტი აიკრძალება.
როგორც საჩივარშია აღნიშნული, მინისტრის ბრძანებით თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის უფლება ირღვევა, ასევე შეზღუდვით, საქართველოში ხორბლის სტაბილური ფასი დაცული არ იქნება და მოსალოდნელია ხორბლის, ფქვილისა და პურის გაძვირება.
„პურის გაძვირება უარყოფითად აისახება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. სოციალურად დაუცველი მოსახლეობა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ასევე, სპეციალისტების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სარკინიგზო ტრანსპორტირება მყისიერად იწვევს 20 აშშ დოლარით ფასის მატებას თითოეულ ტონაზე, რაც ასევე სპეციალისტთა შეფასებით, უარყოფითად აისახება ლარის კურსის სტაბილურობაზე და დამატებით გამოიწვევს მის გაუფასურებას. ამგვარად, სადავო ნორმის ამოქმედება გამოიწვევს პურის და ყველა იმ პროდუქციის გაძვირებას, რომელიც ხორბლისგან მზადდება.
მოცემული საჩივრის ავტორები მათ შორის წარმოადგენენ დაახლოებით 2000 გადამზიდავის ინტერესებს და თავისი მოქმედებებით ახორციელებენ საგარეო ვაჭრობას, კერძოდ ხორბლის იმპორტს. მათ შეძენილი აქვთ სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებები, დამყარებული აქვთ შესაბამისი კონტაქტები საქართველოს შიდა და მეზობელი ქვეყნების (რუსეთი, სომხეთი) ხორბლის მწარმოებლებთან და ახორციელებენ ხორბლის იმპორტს და რეექსპორტს. გასაჩივრებული ნორმის ამოქმედებით კი, ათეულობით გადამზიდავი კომპანია, საქართველოს საზღვრის გავლით ვეღარ შეძლებს ხორბლის გადაზიდვას ავტოსატრანსპორტო საშუალებით, შესაბამისად შეეზღუდებათ საკუთარი ავტოტრანსპორტით სამეწარმეო საქმიანობის უფლება. შეუძლებელია არ აღინიშნოს, რომ როგორც საჩივრის ავტორები, ასევე დანარჩენი ფიზიკური თუ იურიდიული პირები დაკავშირებული არიან საბანკო სექტორთან და აღებული აქვთ საბანკო კრედიტები, რომლითაც ავტოტრანსპორტი შეიძინეს, შესაბამისად საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი და მათი ოჯახები რჩებიან ყოველდღიური შემოსავლის გარეშე. ამდენად, სადავო ნორმით, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს ბრძანებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს მოქალაქეთა გარანტირებული თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის უფლება“, – აღნიშნულია საჩივარში.
საჩივრის ავტორები აცხადებენ, რომ ფინანსთა მინისტრის ბრძანება ასევე მონოპოლიურ მდგომარეობაში აყენებს პირებს, რომლებიც საქართველოში ხორბლის იმპორტს სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით ახორციელებენ.
ადმინისტრაციული საჩივრით მთავრობას ხორბლის იმპორტიორმა 15-მა კომპანიამ მიმართა.
ამავე ბრძანების გაუქმების მოთხოვნით, აქცია გაიმართა თბილისში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან.
ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა-გატანის აკრძალვა 15 სექტემბრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა პირველ ოქტომბრამდე გადავადდა.