გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან მიმდინარე აქციის მონაწილეები შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უარს აცხადებენ
გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან მიმდინარე აქციის მონაწილეები შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უარს აცხადებენ

თბილისში, ლილოში მდებარე გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან შეკრებილი ხორბლის იმპორტიორები შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უარს აცხადებენ.

როგორც მათ აღნიშნეს, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა გამოთქვეს აქციის მონაწილეებთან შეხვედრის სურვილი, თუმცა მძღოლები მიიჩნევენ, რომ შეხვედრას აზრი არ აქვს.

„რა აზრი აქვს, გუშინაც შევხვდით და ერთი კვირის წინაც. ეს იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის. ველოდებით ფინანსთა მინისტრის საბოლოო გადაწყვეტილებას. თუ ეს გადაწყვეტილება გონივრული იქნება, გავჩერდებით თუ არა, საპროტესტო აქციები გაგრძელდება“, –  განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი ჯოჯიშვილმა.

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების განცხადებით, ფინანსთა მინისტრის საბოლოო გადაწყვეტილება ხვალ საღამომდე უნდა გახდეს ცნობილი.

როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, გუშინდელი აქცია გამაფრთხილებელი ხასიათის იყო, ხუთშაბათიდან კი, უფრო მასშტაბური პროტესტი დაიწყება.

„ჩვენი მოთხოვნები აბსოლუტურად ნათელია. ხვალ საღამომდე არავითარ აქციას არ ვაპირებთ. ველოდებით ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, თუ იქნება აქციის მონაწილეებისთვის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება, მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ თუ პასუხი არ იქნება ჩვენთვის მისაღები, ხუთშაბათს დილიდან შევიკრიბებით ფინანსთა სამინისტროსთან და დავაანონსებთ ჩვენს შემდგომ აქციებს. პატრულის თხოვნით გზა გავხსენით, მაგრამ ბლოკირებული გვაქვს გაფორმების ეკონომიკური ზონის შესასვლელი და ხვალ საღამომდე ასე გაგრძელდება“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათი შეფასებით, გადაწყვეტილება სატრანსპორტო საშუალებებით ხორბლის ტრანსპორტირების აკრძალვაზე 25 ათას ადამიანის ქუჩაში დატოვებას ნიშნავს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მზად არიან, ეს ფინანსთა მინისტრთან პირდაპირ ეთერშიც დაასაბუთონ.

ხორბლის იმპორტიორები მთავრობას, კერძოდ კი, ფინანსთა სამინისტროს ბიზნესის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ და გადაწყვეტილების შესაცვლელად ორდღიან ვადას აძლევენ. საპროტესტო აქცია მათ გუშინ დაიწყეს.

 ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა-გატანის აკრძალვა 15 სექტემბრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა პირველ ოქტომბრამდე გადავადდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან შექმნილი ვითარების შესახებ განცხადება გაავრცელა. შემოსავლების სამსახური დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და ხორბლის იმპორტიორებს მოუწოდებს, საინიციატივო ჯგუფი შექმნან.