ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის ოჯახის ადვოკატი - დღევანდელ პროცესზე ძალიან სამარცხვინო ვითარება იყო
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატის, იზო მაღლაკელიძის განცხადებით, დღეს სასამართლო პროცესზე სრულიად სამარცხვინო მდგომარეობა იყო, როცა ორივე ბრალდებულის ადვოკატი ფაქტობრივად ერთმანეთს დაერია იმ თემაზე, თუ ვისი მიყენებული იყო ჭრილობა.
„პროცესზე ძალიან სამარცხვინო ვითარება იყო, ერთი ბრალდებულის ადვოკატი მეორე დაკავებულს აბრალებდა, რომ ეს ჭრილობა მისი დანით იყო მიყენებული და მეორე მხარე საპირისპიროს აკეთებდა. ეს არის იმის ნათელი მაგალითი, რაც ტელევიზიაში მიმდინარეობს – მათი პიარკამპანია, თითქოს მათ, ბრალდებულებს არ აქვთ ჩადენილი დანაშაული და არ მიუყენებიათ სასიკვდილო ჭრილობები. ლევან დადუნაშვილის ნაწილში ერთი სასიკვდილო ჭრილობაა და ამ ნაწილში ერთ-ერთი ბრალდებულის დანა მთლიანად გამოირიცხა.
დღევანდელ პროცესამდეც ჩვენთვის ნათელი იყო ჩვენთვის, რომელი ბრალდებულის მიერაა მიყენებული ლევან დადუნაშვილისთვის სასიკვდილო ჭრილობა, დღეს ეს უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა“, – განაცხადა იზო მაღლაკელიძემ.
ადვოკატის განმარტებით, დღეს ექსპერტებმა გამორიცხეს, რომ დავით სარალიძისთვის მიყენებული რამდენიმე ჭრილობა და ლევან დადუნაშვილის სხეულზე არსებული სასიკვდილო ჭრილობა ერთი დანით არ არის მიყენებული.
„ერთ-ერთი დანა კატეგორიულად გამორიცხა ექსპერტმა, ხოლო რაც შეეხება მეორე დანას, ამაზე მიუთითა, რომ შესაძლებელია ჭრილობა იყოს მიყენებული ამ დანით, ან მსგავსი პარამეტრის და თვისებების მქონე სხვა ნივთით. ეს არის სტანდარტული დასკვნა და მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნა არ არის დოკუმენტი, რომელზეც უნდა დაემყაროს განაჩენი. ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, საქმეში სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა მოხდეს განაჩენი დადგენა“, – განაცხადა იზო მაღლაკელიძემ.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი არასრულწლოვნის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.
საქმეზე სასამართლო პროცესი ორშაბათს, 15:00 საათზე განახლდება.