ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია მუშაობას დღეს განაახლებს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია მუშაობას დღეს განაახლებს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია მუშაობას დღეს 15:00 საათზე განაახლებს.

სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების – გამომძიებელ ირაკლი ფიფიას, დეტექტივების სამმართველოს უფროსის იოსებ სიგუას და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის შალვა ბედოიძის მოსმენა გაგრძელდება.

საგამოძიებო კომისიის წევრის, მამუკა მდინარაძის გაცხადებით, გუშინ შს სამინისტროს წარმომადგენლებმა გარკვეულ კითხვებზე პასუხები გასცეს, თუმცა, მისივე თქმით, კითხვის ნიშნები კვლავ რჩება.

„თქვენ გახსოვთ, რომ თავიდან იყო მთავარი კითხვები, ეს შეეხებოდა ფარდულის დანგრევას, გაღუნულ დანას, სუბელიანს, ამასთან დიდი წილი კითხვების პრაქტიკულად გაცემულია. ახლა სხვა კითხვის ნიშნებია, რაზეც ასევე ამომწურავი პასუხები უნდა მივიღოთ, გამომძიებლები იქნებიან ესენი თუ პროკურორები“, – განაცხადა საგამოძიებო კომისიის წევრმა მამუკა მდინარაძემ.

გუშინდელ სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის შემსწავლელმა საგამოძიებო ჯგუფმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის მიმართ რეკომენდაციები მიიღო. კერძოდ, კომისია საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტის დროს, გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიება, ხოლო დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობის ფაქტზე მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

„კომისიამ მიიღო რეკომენდაციები, რომელიც დააყენა თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ და ამ რეკომენდაციების მიხედვით, მთავარმა პროკურორმა უნდა დაიწყოს მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა და აგრეთვე, უნდა დაიწყოს გამოძიება ერთ-ერთი მოზარდის, გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე“,- განაცხადა საგამოძიებო კომისიის წევრმა, ოთო კახიძემ.