ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სამკაციან ჯგუფებში დღეს არასრულწლოვან მოწმეებს გამოკითხავენ
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სამკაციან ჯგუფებში დღეს არასრულწლოვან მოწმეებს გამოკითხავენ.
საგამოძიებო კომისიის სამკაციანი შემადგენლობები, პროფესიონალი ფსიქოლოგების მონაწილეობით, იმ არასრულწლოვნებს გამოკითხავენ, რომლებიც დანაშაულისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების თვითმხილველები არიან.
საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი წევრის, ოთარ კახიძის განმარტებით, მიღებული ინფორმაცია საქმის მასალებთან ერთად დამუშავდება და შემდგომ საფუძვლად დაედება კომისიის დასკვნას.
„დღეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მოწმეებისგან ახსნა-განმარტებების მიღებას განაგრძობს. ამჯერად, ჩვენ გამოვკითხავთ არასრულწლოვნებს, რომლებიც არიან ამ კონკრეტული დანაშაულისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების თვითმხილველები. ჩვენ მათგან მივიღებთ ინფორმაციას, რომელიც დამუშავდება საქმის მასალებთან ერთად და საფუძვლად დაედება კომისიის შემდგომ დასკვნებს.
არასრულწლოვანების გამოკითხვა და მათგან ახსნა-განმარტებების მოსმენა მოხდება პროფესიონალი ფსიქოლოგების მონაწილეობით, მათი უშუალო ჩართულობით, რომ არასრულწლოვნებს არ მიადგეთ დამატებითი სტრესი და არ ჰქონდეთ ოფიციალური გარემო, ამიტომ ჩვენ სპეციალურად შევუქმნით იმგვარ პირობებს, რომ მათ მაქსიმალურად თავისუფლად ისაუბრონ და მიაწოდონ სრული ინფორმაცია საგამოძიებო კომისიას“ – განაცხადა კახიძემ.
რაც შეეხება კომისიის გეგმებს, დეპუტატები 51-ე საჯარო სკოლისა და პირველი ექსპერიმენტული სკოლის ხელმძღვანელებს გამოკითხავენ.
„ჩვენ ასევე დავიბარებთ და გავესაუბრებით როგორც 51-ე, ასევე პირველი ექსპერიმენტული სკოლების ხელმძღვანელებს. ვინაიდან კომისია ცალკე შეისწავლის მოსწავლეთა ჩაგვრის პრობლემებს, ზოგადად განათლების სისტემაში და კონკრეტულად ამ საქმესთან დაკავშირებით, რა რეაგირება უნდა მოეხდინა სკოლის დირექტორსა თუ სასწავლო ნაწილს, ამ თემებსაც შევაფასებთ და გავარკვევთ მოწვეულ პირებთან ერთად“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.