ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოწმე დიანა ბოლოთაშვილის გამოკითხვა დასრულდა
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოწმე დიანა ბოლოთაშვილის გამოკითხვა დასრულდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
ამ წუთებში კი კომისიაზე ბოლოთაშვილის მეუღლის, ნიკოლოზ ვაჩეიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.
როგორც დიანა ბოლოთაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მის ხელთა არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდა.
„კომისიას მივაწოდე ინფორმაცია, რომელიც გამოძიებისთვის მაქვს მიცემული. მე უშუალოდ დავინახე ლევან დადუნაშვილის დაჭრის მომენტი და ზოგადად ჩხუბის შესახებ მივაწოდე ინფორმაცია. არ შემიძლია, გავიხსენო, ვინ დაჭრა სახეზე ის, არ მახსოვს, მხოლოდ ხელი დავინახე, როდესაც დანას აძრობდა, დარტყმის მომენტი არ დამინახავს. ერთი პირი იდგა მასთან და ეს ხდებოდა არკაში. ფარდულისკენ ვერ ვხედავდი, რა ხდებოდა. ეს იყო, ფაქტობრივად, კულმინაცია ამ ჯგუფის და შემდეგ უკვე ყველა გაიქცა“, – განაცხადა დიანა ბოლოთაშვილმა.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ნიკოლოზ ვაჩეიშვილისა და მის მეუღლის, დიანა ბოლოთაშვილის გამოკითხვის პროცესი მედიისთვის დახურულია. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩანაწერი პარლამენტის ვებგვერდზე განთავსდება.