ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს ნიკოლოზ ვაჩეიშვილსა და მის მეუღლეს გამოკითხავს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს ნიკოლოზ ვაჩეიშვილსა და მის მეუღლეს გამოკითხავს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს ნიკოლოზ ვაჩეიშვილსა და მის მეუღლეს გამოკითხავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი აბესაძემ განუცხადა.

ვაჩეიშვილი და მისი მეუღლე მკვლელობის თვითმხილველები არიან.

„რაც შეეხება სხვა თვითმხილველებს, ათეულობით სხვა თვითმხილველი არსებობს, რომელთა მოძიება ერთ-ერთი მიმართულებაა რომელზეც კომისია მუშაობს. რომელი მოწმეებიც გამოძიებას არ დაუკითხავს, რომლის არსებობის შესახებაც ჯერ ჩვენთვისაც კი შეიძლება უცნობი იყოს. ამიტომ კომისიის მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ვეცდებით, ასეთი თვითმხილველები გამოვავლინოთ და მათგან მაქსიმალური ინფორმაცია მივიღოთ, რისი მიწოდებაც მათ შეუძლიათ“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მისი თქმით, სავარაუდოდ არსებობს მკვლელობის ათეულობით თვითმხილველი, რომლებიც გამოძიების ეტაპზე არ დაკითხულა, რადგან როგორც აბესაძე ამბობს, შსს-ს წარმომადგენლები არ დაინტერესებულან.

„ზოგადად, უნდა ვთქვათ, რომ თვითმხილველებისგან ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა გამოძიებას არ გამოუყენებია. თვითმხილველები ძალიან გვიან და ზერელედ დაიკითხნენ. ფაქტობრივად, არ დასმულა არც ერთი ისეთი კრიტიკული შეკითხვა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა თვითმხილველებისგან უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ შეკითხვებს დავსვამთ, სამწუხაროდ, დღეს, ამ ტრაგიკული შემთხვევიდან შვიდი თვის გასვლის შემდეგ, არ ვიცი თვითმხილველები ახლა იმ დეტალების აღდგენას რამდენად შეძლებენ, რაც შესაძლებელი იქნებოდა, თუ კი მათით გამოძიება 1, 2 და 3 დეკემბერს დაინტერესდებოდა, ანუ პირველივე დღეებში. თუმცა ჩვენ ვალდებული ვართ, ეს ადამიანები გამოვკითხოთ, მათ შორის, ვკითხოთ მათი ურთიერთობის შესახებ საგამოძიებო ორგანოებთან, რადგან ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ შორის ვაფასებთ იმ პერიოდში საგამოძიებო ორგანოების მუშაობის ეფექტურობასა და ობიექტურობას“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ნიკოლოზ ვაჩეიშვილისა და მისი მეუღლის გამოკითხვა მედიისთვის დახურულია. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოკითხვის ჩანაწერი პარლამენტის ვებგვერდზე განთავსდება.