ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზე გადადის
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზე გადადის

სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის განხილვა დასკვნით ეტაპზე გადადის. გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლომ ბრალდებისა და დაცვის დასკვნითი სიტყვა უნდა მოისმინოს.

პროკურორის, თორნიკე ნადირაძის თქმით, ბრალდება ყურადღებას გაამახვილებს ყველა იმ გარემოებაზე, რომელიც ამხელს მსჯავრდებულებს მათ დანაშაულში.

„ბრალდების მხარემ ყველა მტკიცებულება გამოიკვლია და ცალსახად დასტურდება ორივე ბრალდებულის დანაშაული. როგორც მ.კ-ს, ასევე სხვა პირების ჩვენებები, მნიშვნელოვანი იქნება. ვფიქრობთ, რომ მტკიცებულებები სანდოა და სასამართლომ უნდა გაიზიაროს. ცალსახად დასტურდება ის გარემოება, რომ ამ ორი პირის მიერ განხორციელდა დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა“, – განაცხადა თორნიკე ნადირაძემ.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, გ.ჯ-ს ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის თქმით, უტყუარ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება ისეთი მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ჩვენებას ცვლიან.

„მათი ჩვენებები აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ერთმანეთს და ეწინააღმდეგება სხვა ძირითად მტკიცებულებებს. განაჩენი უნდა დადგეს დამაჯერებელი, უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. არც ერთი მოწმის ჩვენება, რომელსა ეფუძნება ბრალდება, არ არის უტყუარი და ელემენტარულ კრიტერიუმებსაც არ აკმაყოფილებს. ბრალდება რჩება თავდაპირველ პოზიციაზე მიუხედავად იმისა, რომ ნათლად დადასტურდა სასამართლოში მათი პოზიცია, რომელიც არადამაჯერებელია და აცდენილია რეალობას. ისინი ცდილობენ, გადააბრალონ სხვის მიერ ჩადენილი დანაშაული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს“, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.