ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს არასრულწლოვანი მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება
ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა არასრულწლოვანი მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება.
არასრულწლოვნების გამოკითხვა დახურულ რეჟიმში გაიმართება. გუშინ საგამოძიებო კომისიამ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები გამოკითხა.
როგორც კომისიის წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, არასრულწლოვანი მოწმეებისა და სხვა პირებისგან, გარკვეული ახალი დეტალები არის, თუმცა როგორც მდინარაძე განმარტავს, რადიკალური დასკვნის გაკეთების საშუალებას აღნიშნული ჩვენებები არ იძლევა.
„არასრულწლოვნები ვინც აქამდე დაიკითხნენ, გარკვეულ დეტალებზე საუბრობენ. ფსიქოლოგის მონაწილეობა არის ძალიან კარგი. ის ცდილობს მაქსიმალური ინფორმაცია წამოიღოს ისე, რომ სტრესული მდგომარეობა არ შეექმნათ მათ. გარკვეულ დეტალებზე და დარღვევებზე საუბრობენ პოლიცის და პროკურატურის მხრიდან, მაგრამ რაიმე მნიშვნელოვანი ხელშესახები, რაც შეიძლებოდა ჩაგვეთვალა ახალ გარემოებად ან საქმისთვის მნიშვნელოვნად, ასეთი არ ყოფილა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.