ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისია დღეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებს მოუსმენს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისია დღეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებს მოუსმენს.
სხდომა მედიისთვის ღია იქნება, კომისიის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ კომისიის ფორმატში დამოუკიდებელი ექსპერტიც გამოკითხონ.
ამ კვირაში ასევე იგეგმება არასრულწლოვანი მოწმეების დაკითხვა.
როგორც კომისიის წევრმა, ოთარ კახიძემ აღნიშნა, ექსპერტებთან კითხვები ექნებათ ჭრილობებთან და გამოყენებულ იარაღებთან დაკავშირებით.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ არაერთი საკითხი, რომელიც უკავშირდება ჭრილობებს, გამოყენებული იარაღების რაოდენობას. რა კითხვები გვექნება ექსპერტებთან, ამაზე უშუალოდ სხდომაზე გავაჟღერებთ. დაკითხვები გაგრძელდება, დაიკითხებიან არასრულწლოვნები, ასევე კომისია იმსჯელებს თანამდებობის პირების დაკითხვასთან დაკავშირებითაც, ეს ეხება როგორც პროკურატურას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსაც” – განაცხადა ოთარ კახიძემ.