ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები თბილისის სკოლის დირექტორებს ხვდებიან
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები თბილისის 30-მდე სკოლის დირექტორს ხვდებიან.
შეხვედრის მთავარი თემა სკოლის უსაფრთხოების საკითხებია.
როგორც საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებამდე კომისიის ერთ-ერთმა წევრმა სერგო რატიანმა აღნიშნა, სანამ ამ მიმართულებით კომისია დასკვნასა და რეკომენდაციას შეიმუშავებს, დღევანდელ შეხვედრაზე სკოლის უსაფრთხოების კუთხით არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით დირექტორების აზრს მოისმენენ.
„მოგეხსენებათ, საგამოძიებო კომისია განიხილავს სკოლის უსაფრთხოების საკითხებს და უნდა დაიდოს დასკვნა და ასევე უნდა იყოს რეკომენდაციებიც. ამ პრობლემებთან დაკავშირებით ჩვენ შევხვდით ძალიან ბევრ ექსპერტს და ასევე აუცილებელია დირექტორებთან შეხვედრა. ფაქტობრივად, ვხვდებით თბილისის ყველაზე დიდი სკოლის დირექტორებს და მნიშვნელოვანია მათი აზრის მოსმენა მანამდე, სანამ დაიდება დასკვნები და რეკომენდაციები. დაახლოებით 30 დირექტორი დაესწრება. მთავარი თემა იქნება სკოლებში უსაფრთხოება, ამასთან დაკავშირებული სერიოზული სისტემური პრობლემები და ასევე რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენ უნდა გავცეთ“, – განაცხადა რატიანმა.
კითხვაზე, დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან თუ არა 51-ე და პირველი ექსპერიმენტალური სკოლის დირექტორები, რატიანმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში მათ უკვე დაკითხეს ორივე სკოლის დირექტორი, ჰქონდათ მათთან შეხვედრები, შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრას ისინი არ დაესწრებიან.